ფეხბურთი

21:58 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველი ადგილის დაკავება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურთ.

ვაისმა ისიც აღნიშნა, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალამდე ერთი თვეა და კორონავირუსის გამო არავინ იცის, რა მოხდება ამ დროის განმავლობაში, ამიტომაც, ჯერჯერობით მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ფიქრობს.

„კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არჩევანს ვეღარ გავაკეთებ, რადგან ჩვენი მეტოქე უკვე ცნობილია და პლეი-ოფის ფინალში მაკედონიას შევხვდებით. თუმცა, ახლა იმ თამაშამდე დიდი დროა და მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების თვალსაზრისით.

მეტოქესაც და ჩვენც რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა ეს ზოგჯერ კარგია და მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების გამოცდა შეუძლია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე 3 მცველით ითამაშებს თუ 4 მცველით, მზად ვართ ნებისმიერი ვარიანტისთვის. საქართველოს და მაკედონიას უბრალოდ სურთ ფეხბურთის თამაში, ტექნიკური ფეხბურთის და ბურთის ფლობა. ჩვენს შემადგენლობაში გასაგები მიზეზების გამო ცვლილებები იქნება და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

ჩრდილოეთ მაკედონია ესტონეთში 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ თამაში გადაარჩინა და ეს ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავს გორან პანდევის ლიდერობით, რომელიც ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენი მეტოქე შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს და ბევრს პასს აკეთებს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველი ადგილი დავიკავოთ. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, მოგებული ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, წაგებული კი მეორეზე. ფეხბურთელების დანაკლისის მიუხედავად, ვეცდებით, რომ საუკეთესო შემადგენლობა გამოვიყვანოთ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალს, მანამდე ერთი თვეა და ამ დროში არავინ იცის რა მოხდება. მითუმეტეს კორონავირუსის გამო, რომელიც დღეს ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერია. ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუც დაინფიცირდა და შესაბამისად, ვერავინ იტყვის რა მოხდება მომავალში“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.

0.11303