ფეხბურთი

16:01 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ.მაკედონიის მწვრთნელი: "საქართველო არაფერს დაგვითმობს, მაგრამ მოგება გვინდა"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 44 წლის მაკედონელი სპეციალისტისგანცხადებით, ამჟამად მთლიანად ხვალინდელ თამაშზე არიან კონცენტრირებული და არ ფიქრობენ იმ მატჩზე, რომელიც ნოემბერში, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გაიმართება.

„გუნდში ატმოსფერო შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა. ამ თვის ციკლში მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გავედით. საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ და ვემზადებით, მომდევნო მატჩისთვის და არა იმისთვის, რაც ერთ თვეში იქნება. ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ, რადგან ეს ჯგუფში პირველ ადგილზე დაგვტოვებს.

შვიდი დღის განმავლობაში სამ მატჩს პირველად ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი იყო. იტალიამ და ესპანეთმა გრაფიკი საჯაროდ გააკრიტიკეს, მაშინ პატარა ქვეყნებმა რაღა უნდა ვთქვათ? საქართველოს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენთანაც ასეა და ვეცდებით მოედანზე საუკეთესო ვაჩვენოთ და ვინც მოედანზე გავა, ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს. გვინდა პირველ ადგილზე გავიდეთ, თუმცა საქართველოსაც იგივე მიზანი აქვს და არ ველოდები, რომ რამეს დაგვითმობს ან შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.

რაც შეეხება ტაქტიკას, სექტემბერში ოთხი მცველით 4 ქულა მოვიპოვეთ, კოსოვოსთან კი 3-მცველიანი ტაქტიკით მოვიგეთ და გუნდი კომპაქტური იყო. შეიძლება ხვალაც ასე ვითამაშოთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.

აგრონ რუფატი 21-წლამდე ნაკრებში დისკვალიფიცირებული იყო და გვეგონა, რომ ჩვენ მისი დახმარება შეგვეძლო. აღმოჩნდა, რომ მას ეროვნულ ნაკრებშიც არ შეეძლო თამაში და უეფას წერილი მივწერეთ, თუმცა უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კარგია, რომ ეს გავაკეთეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა ტექნიკური წაგება ჩაგვთვლოდა“, - განაცხადა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117375