მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი (WBC-ს ვერსიით) ტაისონ ფიური, ამერიკელ დეონტრეი უაილდერთან მესამე ბრძოლის გამართვას აღარ აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ უაილდერის ბანაკმა შეხვედრის გადატანა რამდენჯერმე მოითხოვა.
მთი პირველი შეხვედრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართა და ფრედ დასრულდა. თუმცა ბევრი მიმომხილველი ამბობდა, რომ ბრიტანელი უფრო დამაჯერებლად იბრძოდა. განმეორებით შეხვედრაში, რომელიც წელს, თებერვალში ჩატარდა, „ჯიპსი კინგმა“ უაილდერი მეშვიდე რაუნდში შეაჩერა და მას WBC-ს ტიტული ჩამოართვა.
ტრილოგიის ბოლო შეხვედრა წელს, ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი აურია. მხარეებს შორის მუდმივად მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ახალი თარიღიც რამდენჯერმე შეიცვალა. და როგორც ჩანს, ამან ფიურის მოთმინების ფიალა აავსო.
„მე მინდოდა უაილდერის კიდევ ერთხელ დამარცხება. ეს იქნებოდა სწრაფი და იოლი ბრძოლა. მაგრამ ის და მისი გუნდი თარიღს ვერ ირჩევს. ეტყობა მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლის სურვილი არ აქვთ. მათ იციან, ეს რით დასრულდება. მსოფლიომ იცის, ეს რით დასრულდება. უაილდერს ისევ ტრაკზე მოვსვავ. მათ ჯერ ბრძოლის დეკემბერში ჩატარება ითხოვეს. მე 19 დეკემბერზე დავთანხმდი. შემდეგ მათ ისევ სცადეს თარიღის გადატანა. ამჯერად მომავალი წლისთვის. მე ვვარჯიშობ და მზად ვარ. მაგრამ როცა თარიღის მომავალი წლისთვის გადატანა ითხოვეს, მე ვთქვი, კმარა! მე ამ თამაშიდან გავდივარ“, - ამბობს 32 წლის ფიური და დასძენს, რომ 34 წლის უაილდერთან შეხვედრას ისევ დათანხმდება, თუ ის ჯერ რამდენიმე ბრძოლას მოიგებს.
სხვათა შორის, ბრიტანელმა პრომოუტერმა ედი ჰერნმა რამდენიმე თვის წინათ გამოაცხადა, რომ ფიურისა და მის თანამემამულე ენტონი ჯოშუას შორის ბრძოლა შეათანხმა. ჯოშუა მძიმე წონაში WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულების მფლობელია და მასთან ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში შეხვედრა, ფიურისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ჰერნის თქმით, ორი ბრიტანელი მძიმეწონოსანი 2021 წელს ორჯერ შეხვედრაზეა შეთანხმებული.
„მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. ერთპიროვნული ჩემპიონი მძიმე წონაში. „რინგ მეგეზინის“ ორგზის ჩემპიონი, WBC-ს ჩემპიონი. და სანამ 2021 წელი დასრულდება, მე ვიქნები მსოფლიოში ერთადერთი მძიმეწონოსანი, ვის ხელშიც ყველა სარტყელი მოიყრის თავს“, - იკვეხნის ფიური.







