აქ ჩამოვთვლით ქართულ ფეხბურთში ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს, რომლებიც 2013 წელს მოხდა. არაა გასაკვირი, რომ სასიხარულო ეპიზოდების უმრავლესობა ახალგაზრდულ ნაკრებებს უკავშირდება – მკვეთრი განსხვავებაა, თუ როგორ თამაშობენ ისინი და როგორ ირჯება ეროვნული ნაკრები.
ნაკრებების საუკეთესო მატჩები
- საქართველო-ჰოლანდია 2:1 (19-წლამდელები, I საკვალიფიკაციო): ვასილ მაისურაძის გუნდმა ჰოლანდია ჯგუფში ჩატოვა, თავად კი 9 შესაძლებლიდან 9 ქულით გავიდა ელიტ-რაუნდში. ქართველებმა აშკარად აჯობეს “ნარინჯისფერებს”, გოლები კი გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.
- საქართველო-ბელგია 2:0 (19-წლამდელები, ელიტ-რაუნდი): ქართველებმა მასპინძლებს ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში ისე მოუგეს, ფაქტობრივად, ნახევარი გუნდი არ ჰყავდათ და გია ცეცაძეს სათადარიგოებიდანაც არ შეეძლო ვინმეს შეყვანა. შეიძლება ითქვას, გმირობის ტოლფასი იყო ეს მოგება. გოლები: გიორგი ფანცულაია, გურამ სამუშია.
- საქართველო-შოტლანდია 3:1 (19-წლამდელები, ელიტ-რაუნდი): ეს ბელგიასთან მატჩამდე, ჯგუფის II ტურში. ესპანელმა მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს ქართველთა გასამწარებლად. ორი ფეხბურთელი გაგვიძევეს, მეკარე გაბრიელ თებიძემ პენალტი აიღო და შემდეგ, 9-კაციანმა საქართველომ შოტლანდიელებს 2 გოლი გაუტანა. ასეთი რამ იშვიათად ხდება. იმ შეხვედრაში გოლები მიითვალეს ნიკა კაჭარავამ, ბუდუ ზივზივაძემ და ავთო ენდელაძემ.
ლეგიონერთა მატჩები
- ლევან კობიაშვილი (დორტმუნდი-ჰერტა 1:2): ლევანმა 90 წუთი ჩაატარა “სიგნალ იდუნა პარკზე” და იურგენ კლოპის მრისხანე გუნდის წინააღმდეგ მშვენივრადაც გამოიყურებოდა. ამაოდ არ წერდნენ, რობერტ ლევანდოვსკი დაკეტაო. კობიაშვილმა ბუნდესლიგაში თავისი 340-ე მატჩი ცენტრალურ მცველად ჩაატარა. ამ თამაშის შემხედვარე, ვინ იტყოდა, რომ “კობი” გადაბერებულია?
- ვაკო ყაზაიშვილი (აიაქსი-ვიტესი 0:1): ყაზაიშვილი იმ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და ბოლო წუთზე ინდივიდუალური გოლი მიითვალა: კარიდან 40 მეტრის მოშორებით მიიღო ბურთი, საჯარიმოსკენ დაიძრა და დაახლოებით 20 მეტრიდან კუთხეში ზუსტად დაარტყა. ასეთი მნიშვნელობის გოლი, კარგა ხანია, აღარ გაუტანიათ ქართველ ლეგიონერებს.
- ჯაბა კანკავა (დნიპრო-შახტარი 2:0): საუკეთესო იყო მინდორზე, დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და როგორც ერთ-ერთი უკრაინული გაზეთი წერდა, კანკავა იმ დღეს მაკელელესა და ვიეირას ფორას მისცემდაო.
აღმოჩენები
- ავთო ებრალიძე (ჟილ ვისენტე): მას საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია, პირდაპირ ეროვნულში მოხვდა: ესპანეთთან შეცვლაზე შეიყვანეს. ებრალიძე ზაფხულში პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის “ოლივეირენსედან” გადავიდა უმაღლესის “ჟილ ვისენტეში” და სასტარტოშიც რეგულარულად ხვდება.
- გიორგი გველესიანი (დინამო თბ): ცენტრალური მცველი უკვე 22 წლისაა, თუმცა ბოლო თვეებში დამკვიდრა “დინამოს” სასტარტოში და ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი გოლებიც გაიტანა: მათ შორის, “ტორპედოსთან” და ‘ზესტაფონთან” ბოლო წუთებზე.
- გიორგი ქვილითაია (დილა): 2012 წელს ‘სასკოში” თამაშობდა და გოლები გოლებზე გაჰქონდა, თუმცა მაინც პირველი ლიგა იყო. წლეულს კი ჯერ უნგრულ “დიორში” გადავიდა, შემდეგ “დილაში” მოხვდა და არაერთი კარგი მატჩიც ჩაატარა. ალექსანდრე ჩივაძემ 21-წლამდელებში ათამაშა და კარგადაც წარმოაჩინა თავი.
მიღწევა
- წლის გუნდი. ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ზედიზედ მეორედ მოხდა მსგავსი რამ – წინა წელს ხომ ვასილ მაისურაძის ნაკრები მოხვდა ჯერ ფინალურ ეტაპზე, შემდეგ კი ნახევარფინალამდეც მივიდა. ცეცაძის გაწვრთნილებს ოთხეულამდე არ მიუღწევიათ, თუმცა 8 საუკეთესოს შორის გასვლაც დიდი წარმატებაა ქართული ფეხბურთისთვის.
- გორის “დილამ” ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი ისე გაიარა, გოლი არ გაუშვია. გიორგი დევდარიანის გუნდმა დანიური “ოლბორგი” და ხორვატული “ჰაიდუკი” გამოთიშა, თუმცა ჯგუფში გასასვლელ რაუნდში ვერაფერი გააწყო ვენის ‘რაპიდთან”. და მაინც, ქართული კლუბების რეალობიდან გამომდინარე, დევდარიანის გუნდის გამოსვლა წარმატებულად უნდა შეფასდეს.
- ისევ 19-წლამდელები, ოღონდ მაისურაძის გუნდი, რომელმაც, ზემოთ უკვე ვახსენეთ, I საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსს 5:1, მოლდოვას 2:0 და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ჰოლანდიას 2:1 სძლია. ამ ნაკრებისგან (1995 წელს დაბადებულები და უმცროსები) განსაკუთრებულს ელის ქართველი ქომაგი.
დასანანი მარცხი
- “დილა”-“რაპიდი” 0:3: გორელებს ევროპის ლიგის ფლეი-ოფში პირველი მატჩი 0:1 ჰქონდათ წაგებული, საპასუხოს კი იმედით ველოდით, თუმცა რამდენიმე მომენტის მიუხედავად, გიორგი დევდარიანის გუნდმა ერთი ბურთიც ვერ გაიტანა. თბილისში, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებულმა ბურთმა ყველანაირი იმედი გადაწურა.
- “დინამო”-“სტიაუა” 0:2: ჩისკოს პენალტი რომ გაეტანა 0:0-ისას, ვინ იცის, რა მოხდებოდა – ეს ხშირად ითქვა. და მაინც, გამოჩნდა, რომ “სტიაუა” სხვა კლასის გუნდი იყო, გაცილებით ძლიერი ჩანდა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა.
- საქართველო-ფინეთი 0:1 (ეროვნული ნაკრები): საქართველოს რომ მოეგო, ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, თუმცა ფინეთმა აჯობა თემურ ქეცბაიას გუნდს. მითუმეტეს დასანანი იყო ეს მარცხი ფრანგებთან 0:0-იდან 4 დღის თავზე. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთის დონის გუნდთან ვერ ახერხებს პრინციპული შეხვედრის მოგებას.
განადგურება
- საქართველო-ჰოლანდია 0:6 (21-წლამდელები): ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სრულიად უძლური იყო. განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩააგდო ქართველები “ტვენტეს” ფორვარდმა კასტაინიოსმა.
- “დინამო”-“ტოტენჰემი” 0:5: ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისელებს, ალბათ, ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგოთ. ლონდონელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ახალგაზრდა გარემარბი ანდროს თაუნსენდი – ფანტასტიკურად ითამაშა.
3. ირლანდია-საქართველო 4:0 (ეროვნული ნაკრები): უკვე მე-20 წუთზე გიორგი ლორია გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. საქართველოს ნაკრები სრულიად დემორალიზებული იყო და ირლანდიელებისგან 4 უპასუხო ბურთი გაუშვა.
ტრანსფერი
ქართველი ფეხბურთელი (ლეგიონერი), რომელიც სუსტი გუნდიდან ძლიერში გადავიდა, ავთო ებრალიძეა. სხვა არ გვახსენდება. საქართველოს ჩემპიონატიდან ასე თუ ისე ცნობილ ევროპულ კლუბში ვინც წავიდა, ეს გიორგი ილურიძეა. თუმცა “ჰაიდუკი” რომ ვარსკვლავებს არ ეთამაშება, ეს ამ ზაფხულს თვალნათლივ ვნახეთ. ერთიც: აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთისკენ ვინც წავიდა, ეს ლევან ყენიაა. როგორც წესი, პირიქით ხდება... ოღონდ “ფორტუნა” ის გუნდი არაა, სადაც გადასვლას პროგრესს დავარქმევდით.
თუმცა, არ დაგვავიწყდეს ლაშა დვალი, რომელთანაც ინგლისურ “რედინგს” კონტრაქტი წინასწარ აქვს გაფორმებული. 18 წლის დვალი წლეულს რიგის “სკონტოში” თამაშობდა. ეგაა, დვალს ჯერ არ უთამაშია “რედინგში”. მოკლედ, წლეულს ველით პროგრესს, თორემ 2013 წელი ამ მხრივ უნაყოფო გამოდგა.
სტუმრიანობა
- კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი. ეს შეხვედრა 31 მაისს გაიმართა “დინამო არენაზე”, სადაც მოედანზე ვიხილეთ პაოლო მალდინი, ფილიპო ინძაგი, ფრანკო ბარეზი, ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, დანიელე მასარო და სხვები... ქართველთაგან კი, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში თითქმის ყველა საუკეთესო მოთამაშე. ვარსკლავთცვენა იყო და კალაძე ასეთ გაცილებას ნამდვილად იმსახურებდა. რა ტიტულები აქვს კახას მოგებული და რა დონის კლუბში თამაშობდა, ამაზე აღარ შევჩერდებით. ჩემპიონთა ლიგის 2-გზის მფლობელი: სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
- “ტოტენჰემის” ჩამოსვლა: საერთო აზრით, დამოუკიდებლობის ისტორიაში ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე ასეთი ძლიერი გუნდი არ შეხვედრიათ. ეს თამაშში აისახა: საერთო ჯამში, ვილაშ-ბოაშის გუნდმა 8:0 სძლია “დინამოს”. ეგაა, “ტოტენჰემს” არ ჩამოჰყოლია მთავარი ვარსკვლავი გარეთ ბეილი.
- საფრანგეთის ნაკრების ჩამოსვლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წელს საუკეთესო მატჩი სწორედ ფრენკ რიბერისთან და კომპანიასთან ჩაატარა. 0:0 და ერთი საგოლე მომენტი: ოქრიაშვილმა ძელს გაარტყა ბურთი. რიბერი, ბენზემა, ჟირუ, ევრა და სხვები ქართველებთან ევრაფერს გახდნენ.
ასევე, არ გვინდა გამოგვრჩეს კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეი შევჩენკოს სტუმრობა. “შევა” თუ ადრეც ხშირად ყოფილა, პორტუგალიელი ვარსკვლავი პირველად გახლდათ საქართველოში – მან თბილისის “დინამოს” მართლაც მშვენიერი აკადემია გახსნა. ეს აკადემია ვიტალი დარასელიას სახელობისაა.