ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება. იგორ ანგელოვსკის გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები მომრავლდნენ, რის გამოც მთავარ მწვრთნელს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მაკედონიის ჩემპიონატში თამაშობს, რადგან ლეგიონერების მოწვევა კორონავირუსის პანდემიის გამო გართულებული მიმოსვლის გამო ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
ჩრდილოეთ მაკედონიას „შკენდიას“ ფეხბურთელები ლუპჩო დორიევი და ენურ ტორტე, ასევე „ვარდარის“ წევრი დარკო მიცევსკი და „გპ მაკედონიას“ ფეხბურთელი ტომე კიტანოვსკი შეუერთდნენ. 21-წლამდე ნაკრებიდან დააწინაურეს აგრონ რუფატი, რომელიც ისრაელთან მატჩში ასაკობრივ ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო მაინც ვერ დაეხმარებოდა.
ნაკრების შეკრება ტრავმების გამო დატოვეს და შესაბამისად, საქართველოსთან ვერ ითამაშებენ დავიდ ტოშევსკი, არიან ადემი, ეგზონ ბეიტულაი, ხოლო „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი დისკვალიფიფიციცირებულია. გარდა ამისა, გამორიცხულია ფეჰრან ჰასანის თამაშიც.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ეს გუნდები ერთმანეთს სკოპიეში 14 ოქტომბერს შეხვდებიან და ამ მატჩის ბედი ჯგუფში პირველი ადგილის ბედს დიდწილად განაპირობებს. 12 ნოემბერს კი, თბილისში საქართველო და ჩრდ. მაკედონია უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის გაეჯიბრებიან.