კალათბურთი

10:21 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" ჩემპიონია, ლებრონი - MVP! (+VIDEO)

ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 2019-2020 წლების სეზონის NBA-ს ჩემპიონია. ფინალურ სერიაში „ლეიკერსმა“ „მაიმი ჰიტი“ 4:2 დაამარცხა და ისტორიში მე-17-ედ გაჩემპიონდა. ფრანკ ვოგელის გუნდმა სერიაში მეოთხე და გადამწყვეტი გამარჯვება ძალიან ადვილად იზეიმა.

„ლეიკერსი“ უპირატესობას პირველივე პერიოდში დაეუფლა, რომელიც 28:20 მოიგო და ყველა კითხვის ნიშანი მეორე მეოთხედში გააქრო, რადგან 36:16 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 28-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

ცხადია, „მაიამიმ“ ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება ვერ შეძლო და მთელი მეორე ტაიმი ფორმალობად გადაიქცა. საბოლოოდ, „ლეიკერსმა“ 106:93 მოიგო და 10-წლიანი პაუზის შემდეგ NBA-ს ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა - 28 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.

რეჯონ რონდომ 19 ქულას 4-4 მოხსნა-პასი დაამტა, ხოლო ენტონი დევისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია - 15 ქულა, 15 მოხსნა და 3 პასი. „მაიამის“ შემადგენლობაში მხოლოდ ბამ ადებაიო გამოირჩეოდა, რომელმაც 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ფინალის MVP როგორც მოსალოდნელი იყო, ლებრონ ჯეიმსი გახდა. ლებრონმა კარიერაში მეოთხედ შეძლო ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგება და NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ფინალში საუკეთესოობა სამ სხვადასხვა გუნდში მოახერხა.

შედეგად, სეზონი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ტრიუმფით დასრულდა. ფრანკ ვოგელის გუნდმა 2010 წლის შემდეგ პირველი და ისტორიაში მე-17 ჩემპიონის ტიტული იზეიმა. აქვე გეტყვით, რომ ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში მეოთხე საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. „მეფემ“ ამის გაკეთება სამ სხვადასხვა გუნდში შეძლო - 2012 და 2013 წლებში „მაიამიში“, 2016 წელს „კლივლენდში“ და 2020 წელს „ლეიკერსში“.

0.117034