ფეხბურთი

10:59 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელთა შეფასებები: დიდი პოზიტივი - შენგელია და აბურჯანია

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს უხვგოლიან დაპირისპირებაში დაუზავდა. ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლები გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა და ფრე 2:2.

შედეგად, პირველი წრის შემდეგ ჯგუფში ძალიან დაძაბული ვითარებაა - საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას 5-5 ქულა აქვთ, შანსი აქვს სომხეთის ნაკრებსაც, რომელმაც 4 ქულა დააგროვა. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს და ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ორი ფეხბურთელი იყო - ლევან შენგელია და გიორგი აბურჯანია.

გიორგი მაკარიძე 6 - გიორგი მაკარიძე სანაკრებო შანსს დიდი ხანია ელის. ესპანური „ალმერიას“ კიპერს ბევრი საქმე არ ჰქონია და ვერც გაშვებულ გოლებში დავადანაშაულებთ. ერთ ეპიზოდში სახიფათო დარტყმა მოიგერია.

ჯაბა ჯიღაური 5.5 - ჯაბა ჯიღაური მარჯვენა მცველი არაა, ამ პოზიციაზე მხოლოდ ნაკრებში თამაშობს. მეორე გოლში მისი წვლილი დიდია კარგად ჩაერთო შეტევაში და ზოგადად, საპირისპირო ფლანგისგან განსხვავებით, მარჯვენა მცველი ხშირად ეხმარებოდა შემტევებს. თუმცა, პირველ გოლში ბარსეგიანთან დუელი პირწმინდად წააგო და ამიტომ დაბალი შეფასება.

მამუკა კობახიძე 6 – „დინამო ბათუმის“ მცველს სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, ამიტომ განსაკუთრებით კრიტიკულები ვერ ვიქნებით. სხვათა შორის, კაჭარავას საგოლე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც კობახიძემ საჰაერო დუელი მოიგო. საერთოდაც, მეორე სართულზე ყველაზე მეტი ბრძოლა მოიგო - 6.

გია გრიგალავა 5.5 - ძალიან ცუდ ფიზიკურ ფორმაშია და როგორც ჩანს, ტულას „არსენალის“ სასტარტოში ამიტომაც ვეღარ ხვდება. ფაქტია, ახლა ის ძირითადში თამაშისთვის მზად არ არის. პირველი გოლის დროსაც ცუდი პოზიცია ეკავა.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 - მისი კარიერის საუკეთესო წლები უკანაა. ტრადიციულად მონდომებული იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ისე, ორჯერ კარგად ითამაშა ფლანგზე, მაგრამ ნიკა კაჭარავამ და ვაკო გვილიამ კარგი გადაცემები ვერ დაუფასეს. პირველ გაშვებულ გოლში კი მისი „ღვაწლიცაა“, როგორც მთელი დაცვის ხაზის.

ჯაბა კანკავა 6.5 - ჯაბამ ბევრი იბრძოლა. ნაკრებს ლიდერობდა. ერთ ეპიზოდში დააგვიანა და თამაშის წესის დარღვევა მოუწია, რის გამოც მაკედონიაში ვერ ითამაშებს.

ნიკა კვეკვესკირი შ.გ - როგორც წესი ძირითადშია და მაკედონიაშიც ასე იქნება, ამჯერად დაასვენეს. თამაშის ყველაზე ცუდი პერიოდი გაატარა მოედანზე. თუმცა არც არაფერი შეუქნია და დაუშავებია.

გიორგი აბურჯანია 7.5 - გამოჩნდა, რომ მისი სახით ნამდვილად საიმედო ნახევარმცველი გვყავს. მეტოქის შეტევებსაც შლიდა და საკუთარი გუნდის იერიშებსაც იწყებდა. მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორე საგოლე კომბინაციაში ჯერ ბურთი მოიპოვა, მერე ჯაბა ჯიღაურს ფანტასტიკური პასი გაუკეთა. ერთხელ სიღრმიდან შეირბინა საჯარიმოში და ცოტა დააკლდა საგოლე პასამდე. სამწუხაროა, რომ მაკედონიაში ვერც ის ითამაშებს, ნაკრებს ნამდვილად გამოადგებოდა, მითუფრო კანკავას არყოფნაში. თუმცა, „ოვიედოსთან“ წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო - ესპანეთში ბრუნდება.

მურთაზ დაუშვილი 5.5 - რეალურად, ჯაბა კანკავას შემცვლელად ვაისი მას მოიაზრებს ხოლმე და როცა კანკავა გაიყვანა, ის შემოიყვანა. პენალტი მის კისერზეა. მართალია უნებლიედ, მაგრამ ფაქტია - ბურთი ხელზე მას მოხვდა.

ლევან შეგელია 7.5 -ძალიან მაგარ ფორმაშია და თურქეთში თამაში მას აშკარად დაეტყო. ლევანი არის ფეხბურთელი, რომელზეც დაყრდნობა ნამდვილად შეიძლება. პირველივე წუთზე უმძიმეს ტრავმას გადაურჩა. დაზიანების მიუხედავად, თამაში განაგრძო და ალბათ საუკეთესო იყო მოედანზე. საგოლე პასის გარდა, მეტოქის მცველებს მოსვენება არ მისცა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი დროული, ჭკვიანური და ეფექტური პასები!

საბა ლობჟანიძე შ.გ - მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და შენგელიას თამაშის ფონზე მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანდა. შესაფასებლად ეს დრო ნამდვილად არ გამოდგება.

ვაკო გვილია 6 - ვაკო გვილია საუკეთესო ფორმაში არაა და იმედია, მალე „ლეგიას“ სასტარტოში ადგილს დაიბრუნებს, რადგან ფორმაში მყოფი ვაკო გვილია სხვა ფეხბურთელია. ამის მიუხედავად, ცუდად არ უთამაშია. პირველ ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი გაანიავა. პირველ საგოლე კომბინაციაში დიდი წვლილი შეიტანა. შენგელიასთან ორჯერ კედელი იდეალურად გაათამაშა და მისმა დროულმა და კარგმა პასმა ლევანს მეტოქის დაცვის გარღვევის შესაძლებლობა მისცა.

თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 - ეროვნულ ნაკრებში თორნიკე ბოლო 3 თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. თუ წინა ორ შემთხვევაში პენალტით გაიტანა, ამჯერად თამაშიდან და დაგვაწინაურა. სამწუხაროდ ეს გოლი მოსაგებად არ გვეყო.

ვაკო ყაზაიშვილი 7.5 - საგოლე პასი მიითვალა. პირველ ტაიმში ორი მაგარი მომენტი ჰქონდა, ძელსაც გაარტყა. გაცილებით მაღალ დონეზე და თავდაჯერებულმა ითამაშა, ვიდრე ბელარუსთან. ყაზაიშვილიც საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის. ნამდვილად კარგად ითამაშა და ფორმაში მყოფი ვაკო დიდი ძალაა.

ნიკა კაჭარავა 7 - ძალიან ბევრს მუშაობდა წინა ხაზზე. პირველ ტაიმში გასატანი ვერ გაიტანა, მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომა გამოისყიდა და გაათანაბრა. მას ერთა ლიგაზე უკვე ორი გოლი დაუგროვდა. ჩანს, რომ ნელ-ნელა იბრუნებს კარგ კონდიციას და ეს მხოლოდ პოზიტიური ამბავია.

ელგუჯა ლობჯანიძე შ.გ - კაჭარავა შეცვალა და ბოლო 10 წუთი, რაც რამის დასამტკიცებლად ხშირად საკმარისი დრო არაა და ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი.

0.109312