ჯირო დ’იტალიას ურთულესი, მეცხრე ეტაპი პორტუგალიელმა რუბენ გუერეირუმ მოიგო. გუნდ „EF პრო საიკლინგის“ პირველმა მრბოლმა, ბოლო 300 მეტრზე, რომელიც აღმართზე გადიოდა, შეძლო ესპანელი ჯონათან კასტროვეხოს (ინეოს გრენადერსი) ჩამოტოვება.
ეს ჯიროს ეტაპზე პორტუგალიელი მრბოლის პირველი გამარჯვებაა ბოლო 31 სეზონში. 1989 წელს იტალიური ველომარათონის ერთი ეტაპი პორტუგალიელი აკასიო და სილვას გამარჯვებით დასრულდა. კიდევ ერთი პორტუგალიელი, ჟოაო ალმეიდა, საერთო ჩათვლაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა უახლოეს მდევარს ახლა უკვე მხოლოდ 30 წამს უგებს.
ოღონდ, ეს უახლოესი მდევარი შეიცვალა - მეორე ადგილზე ჰოლანდიელმა ვილკო კელდერმანმა (ტიმ სანვები) გადაინაცვლა, რომელიც ალმეიდას 30 წამით ჩამორჩება. პელო ბილბაო, რომელიც მანამ იყო მეორეზე, მეცხრე ეტაპის შემდეგ ერთი საფეხურით დაქვეითდა და ლიდერს (მალია როსას/ვარდისფერ მაისურს) 39 წამით ჩამორჩება.
ორშაბათს ჯიროს მონაწილეებს დასვენების დღე აქვთ, მე-10 ეტაპზე კი კვლავ სამთო გამოცდა ელით, რომელიც ლანჩანოდან ტორტორეტომდე, 177-კილომეტრიან მარშრუტზე გადის.







