ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველოს მატჩს, რომელიც 14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმართება, პოლონელი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი 34 წლის ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება, მას მარეკ არისი და იაკუბ ვინკლერი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის როლში ტომაში კვიატკოვსკი იმუშავებს.
რაც შეეხება ფრანკოვსკის - მან 2015 წლის ივნისში საქართველოსა და თურქეთის 19-წლამდე ნაკრებების მატჩი იმსაჯა, რომელიც თბილისში, ქართველებმა გიორგი თევზაძისა და გურამ გოშთელიანის გოლებით მოიგეს (თურქების მხრიდან თავი ახლა უკვე „ლესტერის“ შემტევმა ჯენგიზ იუნდერმა გამოიჩინა). ამასთან, იმავე ასაკობრივ კატეგორიაში, 2015 წლის 29 მაისს, საქართველო - ესპანეთზე და 2015 წლის ივლისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დილა“ – „პარტიზანის“ მატჩზე მეოთხე მსაჯის მოვალეობას ასრულებდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 14 ოქტომბერს, სკოპიეში ესტუმრება. ეს არის ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩი, რომლის შედეგს ევრო 2020-ის საგზურთან არანაირი გავლენა არ ექნება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიელებს კიდევ ერთხელ 12 ნოემბერს, თბილისშიც შეხვდება, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.