ჩოგბურთი

22:25 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკის როლან გაროსი

საფრანგეთის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ესაა პოლონელი იგა სვიატეკი, რომელმაც 6-4 6-1 დაამარცხა ამერიკელი სოფია კენინი. 19 წლის სვიატეკი პირველი პოლონელი ჩოგბურთელია, ვინც როლან გაროსზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. პარიზში გამართულ შვიდ შეხვედრაში მან სულ 23 გეიმი დათმო.

სვიატეკი შეხვედრის დასაწყისშივე დაეუფლა უპირატესობას და 3-0 დაწინაურდა. ამ დროს მან მცირე ხნით მოადუნა ყურადღება და მეტოქეს თამაშის შემობრუნების შანსი მისცა. თუმცა პოლონელმა ზეწოლას გაუძლო და მალევე დაიბრუნა თამაშის სადავეები.

21 წლის კენინს, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია, თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი ბარძაყის ტრავმამ შეუშალა. მეორე სეტში, როცა 1-2 აგებდა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კორტზე დაბრუნბა კი შეძლო, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი გეიმიც დაეთმო და მეტოქისთვის გამარჯვება პირველს მიელოცა.

სვიატეკს ტურნირის დასაწყისში, რეიტინგში მხოლოდ 54-ე ადგილი ეკავა და განუთესავად ითამაშა. 1992 წლის შემდეგ, ის როლან გაროსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაშინ გამარჯვება სერბმა მონიკა სელეშმა მოიპოვა. 2007 წლის შემდეგ კი პირველი ჩოგბურთელია, ვინც პარიზული ტურნირის ჩემპიონი, სეტის წაუგებლად გახდა. 2007-ში ეს ჟუსტინ ჰენინმა შეძლო.

„ორი წლის წინათ იუნიორთა შორის გავხდი ჩემპიონი, ახლა კი აქ ვარ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ქალთა ჩოგბურთში კიდევ ერთმა აუტსაიდერმა მოიგო დიდი სლემის ტურნირი და ეს საოცარია“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც გამარჯვების შემდეგ, ტრიბუნზე ავიდა და მამას, ყოფილ ნიჩბოსან ტომაშს და თავის მწვრთნელ პიოტრ სიერჟპუტოვსკის გადაეხვია.

0.155156