ფეხბურთი

16:12 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დავამტკიცოთ, რომ ოცნებები ხდება!"

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მუამედ სეიდინი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გასვლას გამოეხმაურა. მისი წერილი მაკედონიელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და ფინალში გასვლა ამ თაობის კარგი შრომისა და ნიჭის მტკიცებულებაა. თქვენი ძალისხმევით და თავგანწირვით, თქვენი ერთიანობით და საკუთარი თავის რწმენით, მთელ ქვეყანას უდიდესი ბედნიერება მიანიჭეთ. ჩვენს ყველა ოჯახში აღადგინეთ იმედი და სიხარული. თქვენ ყველაზე წარმატებული თაობა ხართ და ჩვენი ქვეყანა თქვენით ამაყობს.

ფინალში გასვლა იმის დასტურია, რომ მაკედონიის მსგავსი პატარა ქვეყანაც კი შეიძლება ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს ისტორიულ შედეგს და ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ერთი მიზნისკენ სვლა და ვაჩვენოთ, რომ ბევრი შრომით და თავდადებით ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს“, - თქვა სეიდინიმ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. საინტერესოა, რომ ეს გუნდები 2020 წლის სექტემბრამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ, მაგრამ ახლა მათი გზები ხშირად იკვეთება.

8 სექტემბერს, ერთა ლიგაზე თბილისში, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია ფრედ 1:1 დასრულდა, 14 ოქტომბერს, სკოპიეში საპასუხო მატჩი შედგება, ხოლო 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში შეხვდებიან.

0.117983