ფეხბურთი

11:45 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ლორია: “ფინანსური დახმარების გარეშე გაგვიჭირდება”

ლანჩხუთის “გურიას” ეროვნული ჩემპიონატის სტარტი ცუდი ჰქონდა, სეზონის დაწყებიდან რამდენიმე ტური იყო გასული და გურულებს გამარჯვება კი არა გოლიც არ ჰქონდათ გატანილი მეტოქე გუნდის კარში, მაგრამ ფოთის “კოლხეთთან” გამარჯვების შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოვიდა და საბოლოოდ 8 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა სხვაობა “გურიასა” და მეოთხე ადგილზე მყოფ “ტორპედოს” შორის მხოლოდ 4 ქულაა.

“გურიაში” არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ლორიას გავესაუბრეთ.

- ცხინვალის “სპარტაკთან” მატჩში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა თქვენი გუნდი, გოლის გატანის ბევრი შანსიც გქონდათ, თუმცა ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, რომ შეიძლება ითქვას, გადარჩით. თქვენი აზრით, რა დააკლდა “გურიას” “სპარტაკის” დასამარცხებლად?

- ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვიმსახურებდით. გეთანხმებით იმაში, რომ ბოლოს თამაშის გადარჩენა მოგვიწია და რომ არა ბიჭების მხრიდან ბოლომდე ბრძოლა, მარცხი გარდაუვალი იყო. მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ იღბალი არ იყო ჩვენსკენ და ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ასევე გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი საბა ლომია და კოშკაძე. საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი თამაშს, ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იყო.

- დაფინანსების მხრივ როგორი მდგომარეობაა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ფინანსური კუთხით ძალიან რთული სიტუაციაა, მწირი ბიუჯეტი გვაქვს, აქამდე გამგეობა გვაფინანსებდა და ახლაც გამგეობის იმედით ვართ. დიდ მადლობას ვუხდით ეს ფეხბურთის ფედერაცია იქნება თუ სპორტის სამინისტრო იმ თანხის გამოყოფისთვის რითაც ქართულ კლუბებს დაეხმარებიან, როგორც თევზს სჭირდება წყალი, ისე გვჭირდება ჩვენ ახლა ფინანსური დახმარება.

- რა იქნება წელს ლანჩხუთის “გურიას” პროგრამა მაქსიმუმი უმაღლეს ლიგაში?

- რეალობიდან გამომდინარე პროგრამა მინიმუმი იქნება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, მაქსიმუმი კი საუკეთესო 7-8 გუნდს შორის მოხვედრა. რა თქმა უნდა მნიშვნელოობა ექნება პირველ წრეში რომ შევძლოთ მაქსიმალურად ბევრი ქულების აღება, შემდეგ კლუბი ხელმძღვანელობასთან ერთად დავჯდებით და გუნდის გაძლიერებაზეც ვიფიქრებთ.

ედემი ელერჯია

0.132396