ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში კოსოვოსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ლოგიკურია, რომ საქართველოს ნაკრებიც ახსენა - მომავალი მეტოქე ფინალში.
ანგელოვსკის განცხადებით, ეიფორიაში არიან, მაგრამ მიწაზე დროულად უნდა დაეშვან და 30 წლის ოცნების ახდენას აპირებენ.
„ამჟამად ეიფორიაში ვართ, მაგრამ მიწაზე დროულად უნდა დავეშვათ, ორ დღეში ერთა ლიგის მატჩი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები ცარიელი იყო, გულშემატკივრების საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენით და ეს სიხარული ერთად დავიმსახურეთ. ეს გამარჯვება ყველა თაობის ფეხბურთელისა და ჩვენს ქვეყანაში სპორტში მოღვაწე მუშაკისაა.
რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა. ფინალური თამაში წინაა საქართველოსთან, რომელსაც მხოლოდ ეს ეპითეტი შეესაბამება - ისტორიული. ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო შემადგენლობის შეკრებას მოვახერხებთ. საქართველოში მივდივართ იმისთვის, რაზეც 30 წელია ვოცნებობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. კარგია, რომ საქართველოს ნაკრებთან ექვს დღეში თამაში გვაქვს, ერთმანეთს უფრო უკეთ გავიცნობთ“, - თქვა ანგელოვსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. საინტერესოა, რომ ეს გუნდები 2020 წლის სექტემბრამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ, მაგრამ ახლა მათი გზები ხშირად იკვეთება.
8 სექტემბერს, ერთა ლიგაზე თბილისში, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია ფრედ 1:1 დასრულდა, 14 ოქტომბერს, სკოპიეში საპასუხო მატჩი შედგება, ხოლო 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში შეხვდებიან.