ფლორენციის „ფიორენტინას“ ტიფოზებს ყველაზე მეტად ტურინის „იუვენტუსი“ რომ ეზიზღებათ, ეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია და ყველაფერი 1990 წელს, რობერტო ბაჯოს ტრანსფერით გაღრმავდა.
ამდენად, ფედერიკო კიეზას „იებიდან“ „ბებერ ქალბატონში“ გადასვლა, ცხადია მშვიდად ვერ ჩაივლიდა. „ფიორენტინას“ ქომაგებმა ფედერიკოს 16 წლის ძმას, ლორენცოს მიაყენეს შეურაცხყოფა.
„გაიხადე ეს მაისური“, „ვწყევლი მამაშენს და შენს ძმას“, „წადი ფლორენციიდან, ფლორენციაში ნაგავი არ გვჭირდება“, "კარგი იქნება შენც თუ წახვალ, კიდევ ერთი კიეზა გუნდში არ გვინდა“, „უმჯობესია შენც გაჰყვე „რუბენტუსში“ (ქურდ იუვენტუსში - რედ) - ეს არის რამდენიმე მესიჯი, რომელიც ინსტაგრამში ლორენცომ მიიღო. 16 წლის ლორენცო კიეზა „ფიორენტინას“ აკადემიაში თამაშობს, მაგრამ მისი უფროს ძმის „იუვეში“ გადაბარგების შემდეგ ბულინგის მსხვერპლი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ოთხი დღის წინ გააფორმა და ტურინელებს ორწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა.