საფრანგეთის ღია პირველობის 12-გზის ჩემპიონმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა წუხელ, გვიან ღამით, სამ სეტში, 7-6(4) 6-4 6-1 მოუგო იტალიელ ამომავალ ვარსკვლავ იანიკ სინერს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ ნადალი როლან გაროსზე მე-13 ტიტულისთვის იბრძვის, მისი მოპოვების შემთხვევაში, ის როჯერ ფედერერის მიღწევას გაიმეორებს - დიდი სლემის მე-20 ტიტულს დაეუფლება. ნახევარფინალში მისი მეტოქე, არგენტინელი დიეგო შვარცმანია, რომელმაც ის ახლახანს, იტალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში დაამარცხა.
ნადალმა სინერთან სეტის წაუგებლად მოიგო, მაგრამ ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. პირველი ორი სეტის დასაწყისში, 19 წლის იტალიელმა ბრეიკის აღებაც კი შეძლო და პირველ სეტში, საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. საინტერესოა, რომ 2005 წლის შემდეგ, სინერი როლან გაროსის პირველი დებიუტანტია, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. მანამდე ბოლომ ეს სწორედ ნადალმა გააკეთა.
„სინერი ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეა, ძლიერი და ზუსტი დარტყმებით. პირველ ორ სეტში გამიჭირდა. განსაკუთრებით მეორე სეტში. გამიმართლა, რომ თამაშის შემობრუნება შევძელი. ის ყოველთვის ძლიერად ურტყამდა. ამ სიცივეში კი მე არც ისე სწრაფი ვიყავი. ახლა დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის დღენახევარი მაქვს“, - განაცხადა ნადალმა.
სინერს პირველი ბრეიკ პოინტი საწყისი სეტის მეხუთე გეიმში ჰქონდა, მაგრამ ის უნბლიე შეცდომით გაანიავა. ანგარიში რომ 5-5 იყო, იტალიელმა ორი ბრეიკ პოინტი მიიღო. ნადალმა პირველი ძლიერი და ზუსტი ფორჰენდით გააბათილა. მეორეზე კი ესპანელმა შეცდომა დაუშვა.
მომდვნ გეიმში პირველი ბრეიკ პოინტები ნადალმაც მოიპოვა, რომელთაგან მესამე ქულად აქცია და სეტში ანგარიში გაათანაბრა. ტაიბრეიკზე ის უფრო ზუსტი და სტაბილური იყო და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
სინერმა, ვინც მხოლოდ სამი წლის იყო, როცა ნადალმა როლან გაროსი პირველად მოიგო, სეტებს შორის ტაიმ-აუტი აიღო, რა დროსაც, მას მარჯვენა მკლავის მასაჟი გაუკეთეს. კორტზე დაბრუნებულმა კი მეოთხე გეიმში ბრეიკს მიაღწია - 3-1. ნადალმა იქვე ბრეიკით უპასუხა. მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ შეძლო იტალიელის მოწოდებაზე მოგება და ბოლოს, საკუთარ მოწოდებაზე, სეტს წერტილი დაუსვა.
მესამე სეტში ნადალმა მეტოქეს გაბრძოლების შანსიც აღარ მისცა. მან პირველი ოტხი გეიმი მოიგო და ამის შემდეგ, ადვილად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.