ფეხბურთი

17:29 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: "უმაყურებლოდ ფეხბურთი მკვდარია, მაგრამ ახლა ჩვენთვის ეს უკეთესია"

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ მარხელმა ადგილობრივ გამოცემა Прессбол-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ცხადია, დიალოგმა მთლიანად საქართველოს მატჩზე საუბარში ჩაიარა. ბელარუსი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მენტალური მზადყოფნა იქნება.

მარხელმა საქართველოს ნაკრები შეაქო, განაცხადა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ალბანეთის ნაკრებს შეადარა. გარდა ამისა, უმაყურებლოდ ფეხბურთს მკვდარი ფეხბურთი უწოდა, მაგრამ იქვე დასძინა, ამჯერად მირჩევნია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშიო...

- მოთამაშის და მწვრთნელის კარიერაში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გქონიათ, ვიდრე საქართველოსთან თამაშია?

- მნიშვნელობით ალბათ არ ყოფილა ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი. ბუნებრივია, გვაქვს გარკვეული მღელვარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მზადების პროცესში ყველაფერი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება.

- თქვენი ფეხბურთელები გაუმკლავდებიან უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს?

- იმედი მაქვს, პირველ რიგში გამოცდილი ფეხბურთელების შემთხვევაში. მჯერა, რომ ახალგაზრდებიც ირწმუნებენ თავის შესაძლებლობებს და ყველა, ვინც თბილისში ითამაშებს.

- მოკლედ აღწერეთ საქართველოს ნაკრები, რას იტყვით მეტოქეზე?

- კარგი, ევროპული დონის ძლიერი გუნდია. შევადარებდი ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ. დაბალანსებული შემადგენლობა, სადაც ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია. კლუბში თითქმის ყველას აქვს აქტიური სათამაშო პრაქტიკა, დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი იქნება.

- საქართველოს ნაკრებს ჰყავს ორი ფეხბურთელი, რომლებიც ბელარუსში თამაშობდნენ. გიორგი ნავალოვსკი მინსკის „დინამოში“ და ვაკო გვილია - „ბატეში“. გახსოვთ ისინი?

- ბუნებრივია. მაღალი კლასის მოთამაშეები არიან, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია, რაც სხვა ისინი ჩემპიონატებში გადავიდნენ, ამიტომ მათი ახლა ნაკრებში ყოფნა ინფორმაციულ სარგებელს ვერ მოგვიტანს.

- ბელარუსის ნაკრები სამ შეხვედრას ჩაატარებს. ვფიქრობ, საქართველოსთან მატჩი ჩრდილავს ლიეტუვასა და ყაზახეთთან მატჩებს. მეთანხმებით?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ასეთი თამაშები არც ისე ხშირად გვაქვს. მეტიც, ბელარუსს არასდროს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი თამაში. გასაგებია, რომ ყველა ფსონს პირველ თამაშზე ვდებთ.

- ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახეთ. შეიძლება ცვლილება მოხდეს?

- ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რამე შეიცვალოს. ერთი მხრივ კორონავირუსის საფრთხე, მეორეს მხრივ არავინაა დაზღვეული ტრავმებისგან. იმედი მქონდა დენის შჩერბიცკისა და იური კოვალევის, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ვერ დაგვეხმარებიან.

- რამდენად სერიოზულია მათი დაზიანებები?

- ორივეს ექიმებმა ორი კვირით დასვენება გამოუწერეს.

- იგორს სტასევიჩი და სტანისლავ დრაგუნი კორონავირუსის გამო ერთდროულად იყვნენ იზოლირებულნი. თუმცა, თქვენ პირველი გამოიძახეთ ნაკრებში, მეორე - არა. რატომ?

- დრაგუნის ხელახალმა ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა, თორემ სტასი ნამდვილად გვჭირდებოდა. მომიწია ექიმების აზრის გათვალისწინება, გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო ინფექციის მატარებელი ყოფილიყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ რისკი მინიმუმამდე დაგვეყვანა და უსაფრთხოდ გვეთამაშა. თუმცა, ჩვენთვის ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე, რადგან დრაგუნი ნაკრების ლიდერია.

- ნაკრებში 4 ფორვარდია. ვინ არის მთავარი?

- არ გამოვყოფ ვინ არის მთავარი და ვინ - არა. ვნახოთ, ვინ იქნება უკეთეს ფორმაშია. ვფიქრობ, ადამიანი მზად უნდა იყოს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთის. არ არის გამორიცხული თამაშის განმავლობაში საჭირო გახდეს შეტევის ხაზის გამაგრება და ამიტომ გადავწყვიტე ნაკრებში უფრო მეტი თავდამსხმელი გამომეძახებინა, ვიდრე ჩვეულებრივ.

- პირველი მეკარე ალექსანდრ გუტორია?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საჭირო შემადგენლობაზე საუბარი. ჩვენ პრაქტიკულად ერთი დონის ფეხბურთელები გვყავს. ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ახლა არ ვიტყვი ვინ არის პირველი მეკარე.

- მინსკში აცივდა. შეიძლება საქართველოში სხვა ტემპერატურამ უარყოფითად იმოქმედოს?

- თბილისში დიდი ხანი არ ვიქნებით. თამაშამდე ერთი ვარჯიში გვექნება და შემდეგ უშუალოდ თამაში. არამგონია, ამინდმა გავლენა მოახდინოს თამაშზე.

- უეფამ სტადიონის ტევადობის 30%-ის დასწრების რეკომენდაცია გასცა, ეს დაახლოებით 17 000 მაყურებელია „დინამო არენაზე“. თუმცა, ქართველების გადაწყვეტილებით მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. ჩვენთვის რომელი ვარიანტი უფრო მისაღები იყო?

- ჩემი აზრით, მაყურებლის გარეშე ფეხბურთი, ფაქტობრივად მკვდარი ფეხბურთია. მაგრამ ახლა. როდესაც შედეგის მისაღწევად შეიძლება ითქვას, ცხვირიდან სისხლის დენაა საჭირო, მირჩევნია ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს მაყურებლის დიდი მხარდაჭერა ექნებოდა.

- თბილისურ მატჩში გამარჯვებული აუცილებლად უნდა გამოვლინდეს. ამიტომ, შეიძლება პენალტების სერია დაინიშნოს. ემზადებით ამისთვის?

- მიზანმიმართულად ამისთვის არ ვემზადებით, თუ რომელიმე ფეხბურთელს სურს პენალტის დარტყმაზე ივარჯიშოს, მე წინააღმდეგი არ ვარ.

- რა პრობლემების წინაშე დგას ახლა სამწვრთნელო შტაბი?

- დეტალებზე არ დავკონკრეტდები. გვაწუხებს ის, რომ ძალიან მცირე დრო გვაქვს ვარჯიშებისთვის და მხოლოდ რამდენიმე საწვრთნელ პროცესს ვასწრებთ. შემაშფოთებელია, რომ ძირითადი შემადგენლობის ზოგიერთ წევრს კლუბებში ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. მნიშვნელოვანია მთვაარი კომპოზიციის განსაზღვრა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში, გონებრივი, ფსიქოლოგიური მომზადება ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

0.115559