ჯირო დ’იტალიას მეორე ეტაპი იტალიელმა დიეგო ულისიმ მოიგო, რომელმაც აღმართიან ფინიშზე სლოვაკ პეტერ შაგანს აჯობა. ორი ეტაპის ჯამში კი ლიდერის ვარდისფერ მაისურში რჩება პირველი ეტაპის გამარჯვებული, დროზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონი იტალიიდან, ფილიპო განა.
ამ მოგებით, რისთვისაც ბონუს ქულებიც დაიმსახურა, ულისიმ (UAE ტიმ ემირატსი) კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში შეაღწია. შაგანი (ბორა-ჰანსგროე) კი უკვე 15 თვეა, რბოლის მოგებას ვერ ახერხებს. ბოლო კილომეტრზე ეს ორი და მათთან ერთად დანიელი მიკელ ჰონორე (დესონინკ-ქვიკსტეპი) დაწინაურდა. აღმართი სანივემ ერთად გაიარა, თუმცა ბოლოს ყველაზე მეტი ძალა ულისის შერჩა და ფინიშიც პირველმა მან გადაკვეთა.
კიდევ ერთი ძლიერი მრბოლი გამოაკლდა „ასტანას“. ამჯერად რბოლა რუსმა ალეკსანდრ ვლასოვმა შეწყვიტა. ყაზახურმა პირველ დღეს კოლუმბიელი მიგელ ანხელ ლოპესი დაკარგა.
ლიდერებს შორის ცვლილება არ მომხდარა, თუმცა მესამე ეტაპზე, რომლის ფინიშიც ვულკან ეტნაზეა, ბევრი რამ არის მოსალოდნელი.







