იმ დროს, როცა ჯირო დ’იტალია ჯერ მხოლოდ ხურდება, საგზაო ველოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური რბოლა, ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟი გაიმართა, რომლის გამრჯვებულიც, ფოტოფინიშმა გამოავლინა.
ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა ნაადრევად ჩათვალა, რომ მოიგო და საზეიმოდ ხელებიც შემართა, მაგრამ მისდა გასაოცრად, ფინიშის ხაზი პირველმა სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა გადაკვეთა. „ჯუმბო-ვისმას“ ველომრბოლმა, ვინც ტურ დე ფრანსზე გამარჯვება ბოლოსწინა ეტაპზე გაუშვა ხელიდან, ამჯერად ბოლომდე იბრძოლა და სეზონში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.
მსოფლიო ჩემპიონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ როგლიჩს ვერ ხედავდა და როცა სლოვენიელმა ველოსიპედი ფინიშზე წინ წაიგდო, მაშინ მიხვდა, რომ შესაძლოა, ტყუილად ზეიმობდა. ფოტოფინიშმა მისი შიში დაადასტურა. თუმცა პოგაჩარს რომც არ გაესწრო, ალაფილიპი მაინც მოგების გარეშე რჩებოდა - ფინიშის სპურტის დაწყებისას, მან გზა გადაუჭრა შვეიცარიელ მარკ ჰირშის, რითაც მას და ტურ დე ფრანსის ჩემპიონ ტადეი პოგაჩარს მოგებისთვის ბრძოლის შანსი გადაუწურა. ამის გამო, მსაჯებმა მას დროითი ჯარიმა გამოუწერეს, ამან კი ფრანგი მეხუთე ადგილამდე ჩამოაქვეითა.
„სპრინტი ფინიშამდე 200 მეტრით ადრე დავიწყე, მერე კი ის შეცდომა დავუშვი, რისთვისაც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - განაცხადა ალაფილიპმა, ვინც 257-კილომეტრიან რბოლის მეორე ნაწილში, დიდ ინციდენტში მოყვა, რომლის დროსაც, დაღმართიან მოსახვევში, რამდენიმე ველომრბოლი, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონიც დაეცა. ალაფილიპი რბოლას მალე დაუბრუნდა. ფინიშამდე მას ორჯერ გამოუცვალეს ველოსიპედი. ამის მიუხედავად, გამარჯვებისთვის მაინც იბრძოლა.







