1970. დაიბადა ვლადიმერ დგებუაძე. სოხუმელი ძიუდიოსტი. გამოდიოდა 71 კგ წონით კატეგორიაში. 1989 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1991, 1992). 1993 წლის ევროპის ჩემპიონი. კეთილი ნების თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1990). ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მეათე ადგილი).
მნიშვნელოვანი ფაქტები
1904. შვეციის ქალაქ გეტებორგში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. “გეტებორგი” შვეციის ყველაზე პოპულარული კლუბია. 1982 და 1987 წლებში მოიპოვა უეფას თასი. შვეციის 18-გზის ჩემპიონი.
1923. მძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, იანგ სტირბლინგი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ სამი საათის განმავლობაში იყო. მსაჯებმა თავდაპირველ გადაწყვეტილებას გადახედეს და სტირბლინგს მოგება წაგებით შეუცვალეს.
1938. თბილისის “დინამომ” ლენინგრადის “სპარტაკთან” ჩატარებული მატჩის შედეგი გააპროტესტა. შეხვედრა “სპარტაკმა” 1:0 მოიგო, დინამოელთა მტკიცებით კი არბიტრმა მიხაილ სოლოვიოვმა ასპარეზობა სამი წუთით ადრე დაასრულა. თავდაპირველად თბილისელთა პროტესტი დააკმაყოფილეს, მაგრამ გადაწყვეტილება უმალ ლენინგრადელებმა გაასაჩივრეს და საბოლოოდ შედეგი ძალაში დატოვეს.
1945. იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “პარტიზანი”. გუნდი 11-ჯერ იუგოსლავიის, რვაჯერ სერბია-ჩერნოგორიის, ერთხელაც სერბიის ჩემპიონი გახდა. 1966 წელს ითამაშა ჩემპიონთა თასის ფინალში (1:2 დამარცხდა მადრიდის “რეალთან). “სპორტინგთან” ერთად ჩაატარა ევროთასის პირველი შეხვედრა. 1955 წლის 3 სექტემბერს ლისაბონში “სპორტინგს” ჩემპიონთა თასის მატჩში 3:3 დაუზავდა.
1953. ინგლისელმა სტაიერმა ჯიმ პიტერსმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:17.49).
1958. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეთორმეტე მატჩი ჩატარდა. მონრეალში, “მონრეალ კანადიენსმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებს 6:3 მოუგო.
1959. ევროპის პირველი თასის (მომავალში ევროპის ჩემპიონატის) შესარჩევ მატჩში, ჰოლანდიამ პრინციპულ მეტოქე ბელგიას 9:1 მოუგო.
1983. რიჩარდ ნოუბლმა ავტომობილ “ტრასტ-2”-ით, რომელსაც რეაქტიული ძრავა “ეივონ 302” ედგა, აშშ-ის ნევადას შტატის უდაბნო ბლექ როკში სიჩქარის რეკორდი დაამყარა. მან 1019,467 კმ/სთ განავითარა.
1985. ველოსიპედისტმა ჰენრი პერიმ ავსტრალიის გარშემო მოგზაურობა დაასრულა. ამ ტურნეს დროს პერიმ 14 021 მილი პრაქტიკულად შეუსვენებლად გაიარა.
1987. ლანჩხუთის “გურიამ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში თბილისში, “დინამოსთან” 0:2 წააგო. ეს იყო ლანჩხუთელთა პირველი და უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მათ ჩვენს ეროვნულ სტადიონზე თბილისელთა წინააღმდეგ საკავშირო პირველობის ეგიდით ითამაშეს. დინამოელთაგან ორივე გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა 26 მაისს ლანჩხუთში 0:0 დასრულდა.
1987. ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) პირველად დაუშვეს მოთამაშის შეცვლა.
1991. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა “სან ხოსე შარკსმა”. იგი “ვანკუვერ კანაკსთან” 3:4 დამარცხდა.
2004. ლეგენდარული პროფესიონალი მოკრივე რიკარდო მაიორგა ფელიქს ტრინიდადთან მერვე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა და ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კარიერის შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება.
2004. “ციურიხის” ფორვარდ რენატო (კლეონისიო დუშ სანტუშ სილვა) რიო დე ჟანეიროში მანქანის გატაცებისას ბანდიტებმა იარაღის გასროლიტ მოკლეს. თავდასხმისას დაიჭრა რენატოს მეგობარი გოგონა.
2007. ამერიკელ მძლეოსანს შონ მერინოს აკრძალული პრეპერატების გამოყენება დაუმტკიცეს, რის გამოც დღის წესრიგში მის მიერ სიდნეის 2000 წელს მოპოვებული 5 მედლის (3 ოქრო, 2 ბრინჯაო) ჩამორთმევის საკითხი დადგა.
2013. პოსტიდან გადადგა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი. მან ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ინტრიგის თავიდან აცილების და ევრო2013-ზე ლიტვის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე ზეწოლის გამო მიიღო.
ამ დღეს დაიბადნენ
1889. ჯონ კელი. ამერიკელი ნიჩბოსანი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1913. იოჟეფ ბიკანი. წარმოშობით ჩეხი ფეხბურთელი. დაიბადა ავსტრიაში. იცავდა ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიისა და ბოჰემია-მორავიის ნაკრებების ღირსებას. ბიკანს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 643 გოლი. 218 გოლით იგი ჩეხოსლოვაკიის პირველობების საუკეთესო ბომბარდირია. 1934 წელს ავსტრიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. თამაშს თავი 42 წლის ასაკში დაანება, როდესაც პრაღის “სლავიაში” გამოდიოდა.
1943. ოუენ კერ დევიდსონი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. შერეულ წყვილთა შორის უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონი.
1952. ანიტა დეფრანცი. ამერიკელი ნიჩბოსანი. 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1955.ხორხე ვალდანო (ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელიანოსი). არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისის” (1973-75), “სარაგოსას” (1979-84), მადრიდის “რეალის” (1984-87) ფორვარდი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1985 და 1986 წლებში მოიპოვა უეფას თასი. 1986 და 1987 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. არგენტინის ჩემპიონი (1974). ესპანეთის პრიმერა ლიგაში ჩაატარა 228 მატჩი, გაიტანა 86 გოლი. საფეხბურთო კარიერა ჰეპატიტის გამო შეწყვიტა. იყო ტელეკომენტატორი. წვრთნიდა “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს. 1991-92 სეზონში სათავეში ედგა “ტენერიფეს” და გუნდი პრიმერადან გავარდნას გადაარჩინა. 1995 წელს “რეალს” ჩემპიონობა მოაპოვებინა. 1996-97 სეზონში წვრთნიდა “ვალენსიას”. ხორხე ვალდანო “რეალის” სპორტული დირექტორია.
1956. ჰანს ვან ბრეკელენი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ეინდჰოვენის პსვ-ის გოლკიპერი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს თანაგუნდელებთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1967. ვიკი ბულიტი. ამერიკელი კალათბურთელი. ქალთა შორის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1970. ვლადიმერ დგებუაძე. სოხუმელი ძიუდიოსტი. გამოდიოდა 71 კგ წონით კატეგორიაში. 1989 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1991, 1992). 1993 წლის ევროპის ჩემპიონი. კეთილი ნების თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1990). ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მეათე ადგილი).
1972. კურტ ტომასი. “დალას მავერიკსის”, “მაიამი ჰითისა” და “ნიუ იორკ ნიკსის” მძიმე ფორვარდი (206 სმ).
1980. ჯეიმს ჯონსი. “ინდიანა პეისერზის” ფორვარდი (206 სმ).
ამ დღეს გარდაიცვალა
1996. სილვიო პიოლა. იტალიის ნაკრების, ტურინის “იუვენტუსისა” და “ტორინოს”, რომის “ლაციოს” ფეხბურთელი. გარდაიცვალა 83 წლის ასაკში. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. პიოლას სერია A-ში ჩატარებული აქვს 537 შეხვედრა, რაც იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხე მაჩვენებელია. სილვიო პიოლას სერია A-ს მატჩებში გატანილი აქვს 274 გოლი. ამ შედეგის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა. მისი მაჩვენებელი უკეთესიც იქნებოდა, ევროპაში საფეხბურთო ცხოვრება მეორე მსოფლიო ომს რომ არ შეეჩერებინა.