ტუნისელი ონს ჟაბური გახდა პირველი არაბი ჩოგბურთელი ქალი, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე წრეს მიაღწია. მესამე წრეში მან სამ სეტში, 7-6(7) 2-6 6-3 დაამარცხა მერვე ნომრად განთესილი ბელარუსი არინა საბალენკა.
30-ე ნომრად განთესილმა ჟაბურმა ოსტატობით გაანეიტრალა მეტოქის მძლავრი დარტყმები და პირველად გასცდა როლან გაროსის მესამე წრეს, სადაც 2017 წელსაც აქვს ნათამაშები.
„ის ძალიან აგრესიული მოთამაშეა. ამის გამო, მე მრავალფეროვნად თამაში მიწევდა. ხან მოკლე და ჩახვეული დარტყმებით, ხან დროპ შოტებით. ვიცოდი, რომ ამით ძალიან შევავიწროებდი. და ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო“, - ამბობს ჟაბური, ვისაც 2011 წელს როლან გაროსის ახალგაზრდული ტურნირი აქვს მოგებული.
პირველ სეტში, როცა 5-6 აგებდა, საბალენკამ სამი სეტ პოინტი მოიგერია, ტაიბრეიკზე კი 5-1 დაწინაურდა, მაგრამ ბევრი შეცდმის გამო, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 26 წლის მეტოქეს პირველი სეტი ასე დაუთმო.
მეორე წრეში ბელარუსი მეჩოგნე გამოცოცხლდა და 20 წუთი იმყოფინა სეტებში ანგარიშის გასათანაბრებლად. მაგრამ მესამე სეტში ჟაბურმა გამოიღვიძა და 3-0 დაწინაურდა. უფრო მეტიც, მეოთხე გეიმის მოგებაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ამის საშუალება არ მისცა და ერთი ქულა გადაარჩინა. მან 2-5-ზე სამი მატჩ პოინტი მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ბრეიკ პოინტი გაჩარხა, მაგრამ მისი რეალიზება ვეღარ შეძლო. ჟაბურმა მეოთხე მატჩ პოინტი აღარ გაანიავა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ცნობისათვის, ჟაბურმა წელს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშა და ამ მიღწევის გაუმჯობესებას პარიზში აპირებს.