ჩოგბურთი

23:42 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა და ტიმმა იოლად მოიგეს, ვავრინკა სენსაციურად დამარცხდა

საფრანგეთის ღია პირველობაზე 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები იმართება და ტურნირის ფავორიტებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

დავიწყოთ რაფაელ ნადალით, რომელიც როლან გაროსის მე-13 ტიტულს უტევს და სტეფანო ტრავალია 6:1, 6:4, 6:0 დაამარცხა. ესპანელმა დამაჯერებლად ითამაშა, 28 ვინერსი შეასრულა და 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

რაფა შემდეგ ეტაპზე სებასტიან კორდას დაუპირისპირდება, რომელმაც პედრო მარტინესს 6:4, 6:3, 6:1 სძლია. ამერიკელმა წინა შეხვედრაში გამოცდილი ჩოგბურთელი ჯონ იზნერი დაამარცხა.

ტურნირის მესამე ნომრად განთესილმა დომინიკ ტიმმა ნორვეგიელი კასპერ რუდი იოლად, ანგარიშით 6:4, 6:3, 6:1 დაამარცხა. რუდი გრუნტის საფარზე მიმდინარე წელს კარგად თამაშობს და გასული ორი ტურნირის ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა ავსტრიელის წინააღმდე ვერაფერს გახდა. დომინიკს 32 ვინერსი ჰქონდა 21-ის წინააღმდეგ, ხოლო უნებლიე შეცდომა ცხრით ნაკლები დაუშვა (28:37).

მერვეფინალში ტიმი უგო გასტონს შეხვდება, რომელმაც სენსაციურად სტანისლას ვავრინკა 2:6, 6:3, 6:3, 4:6, 6:0 დაამარცხა. 20 წლის ფრანგის ასეთ გამარჯვებას არავინ ელოდა და შემდეგ ეტაპზე მის გასვლას ხელი შვეიცარიელმაც შეუწყო. ვავრინკამ ხუთსეტიან შეხვედრაში 74 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, მეტოქეზე 33-ით მეტი. მართალია ვინერსი 14ით მეტი შეასრულა სტანმა, თუმცა ამან მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა.

მერვედფინალში გავიდა აშშ-ს ღია პირველობის ფინალისტი და ტურნირის მეშვიდე ნომერი ალექსანდრ ზვერევი. გერმანელმა იტალიელი მარკო ჩეკინატო 6:1, 7:5, 6:3 დაამარცხა. ზვერევს მარკოზე მეტი ვინერსი ჰქონდა (31-23) და ნაკლები შეცდომა (22-41). შემდეგ ეტაპზე გერმანელი ახალგაზრდა იტალიელ ჩოგბურთელს იანიკ სინერს შეხვდება, რომელმაც ფედერიკო კორია 6:3, 7:5, 7:5 დაამარცხა. სინერმა 44 ვინერსი შეასრულა, ხოლო კორიამ - 20. იტალიელმა 48 შეცდომა დაუშვა, არგენტინელს კი 31 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

დამაჯერებელ თამაშს აგრძელებს არგენტინელი დიეგო შვარცმანი. არგენტინელმა სლოვაკი ნორბერტ გომბოსი 7:6, 6:3, 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკს 31 ვინერსი ჰქონდა, ხოლო არგენტინელს 17. თუმცა უნებლიე შეცდომები ნორბერტმა 29-ით (63-34) მეტი დაუშვა და ორმაგი შეცდომით მეტოქეს შვიდჯერ "აჩუქა" ქულა. რომის მასტერსის ფინალისტი დიეგო შვარცმანი შემდეგ ეტაპზე ლორენცო სონეგოს შეხვდება. იტალიელმა ტეილორ ფრიცი 7:6, 6:3, 7:6 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სონეგომ 3:0 მოიგო სეტებით, თანაბარი მატჩი გამოვიდა და ტაი ბრეიკებზე ამერიკელს იღბალმა უმტყუვნა.

ხვალ მეთექვსმეტედფინალის კიდევ რვა მატჩი გაიმართება. მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი კოლუმბიელ დანიელ გალან რივეროსს შეხვდება. მეექვსე ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი კი ალიაჟ ბედენეს დაუპირისპირდება.

0.201139