საქართველოს ეროვნული ლიგა პაუზის შემდეგ განახლდა და თელავში, „თელავმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა უშეღავათო და საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა.
პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა და ლოგიკურად 0:0 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში სამაგიეროდ ფანტასტიკური გოლები გავიდა. 49-ე წუთზე კახელებმა დაწინაურება მოახერხეს. ტყუპი ძმების კომბინაციით ანგარიში გაიხსნა - ნიკოლოზ ბაშელეიშვილის პასით მიხეილ ბაშელეიშვილმა უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა.
„თელავმა“ უპირატესობა სულ რაღაც 9 წუთი შეინარჩუნა. „დინამო ბათუმის“ გოლიც ულამაზესი გამოვიდა, ვაგნერ გონსალვეშის მოხდენილი პასით გიორგი ნიქაბაძემ საოცარი გოლი გაიტანა.
ბათუმელებმა მეტოქის საბოლოოდ გატეხვა მატჩის ბოლო 10 წუთში მოახერხეს. გოდფრი ობოაბონასა და ჯაბა ჯიღაურის გოლებმა გია გეგუჩაძის გუნდს 3 ქულა მოუტანა - 1:3. „დინამო ბათუმმა“ 23 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე დაბრუნდა, „თელავი“ კი 14 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (0:0)
გოლები: 1:0 ბაშელეიშვილი (49), 1:1 ნიქაბაძე (58), 1:2 ობოაბონა (80), 1:3 ჯიღაური (84)