სხვა

2:38 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამომავალი ვარსკვლავის გამარჯვება ფლეშ ვალონზე

შვეიცარიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა მარკ ჰირშიმ ფლეშ ვალონის კლასიკური რბოლა მოიგო. 22 წლის მრბოლისთვის ეს კიდევ ერთი მიღწევაა სეზონში, რომელშიც ტურ დე ფრანსის ეტაპი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჰირში 1952 წლის შემდეგ პირველი შვეიცარიელი მრბოლია, ვინც ამ პრესტიჟული ერთდღიანი რბოლის მოგება შეძლო. ჰირშიმდე ბოლო შვეიცარიელი, ვინც ფლეშ ვალონზე გაიმარჯვა, ლეგენდარული ფერდი კუბლერია.

ფინიშზე პელოტონი ერთად მივიდა და გამარჯვებული სპურტში გამოვლინდა. ჰირში კარგა ხანს ჩრდილში იყო, მაგრამ ბოლო ათეულ მეტრებზე, მარჯვენა ნაპირიდან შეძლო ლიდერებში შეღწევა. ბოლო 50 მეტრზე, მაიკ ვუდსთან დაძაბულ პაექრობაში დაწინაურდა და ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

რბოლას მეორე გმირიც ჰყავდა - ფლეშ ვალონის ბელგიელი დებიუტანტი, 21 წლის მაური ვანსევენანი. მან სტარტიდან მალევე შეძლო დაწინაურება და როცა ფინიშამდე 20 კილომეტრი რჩებოდა, პელოტონი კვლავ კარგა შორს ჰყავდა ჩამოტოვებული. რაც მტავარია, უპირატესობას სტაბილურად ინარჩუნებდა. მაგრამ რბოლის დასრულებამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, მოსახვევში ვერ ჩაეტია და დაეცა. მართალია, ველოსიპედს სწრაფადვე მოახტა და გზა გააგრძელა, მაგრამ მალე კოლუმბიელი რიგობერტო ურანი წამოეწია, რომელსაც პელოტონმა ლიდერობა დიდხანს არ აცალა - ძირითადმა ჯგუფმა ორივე დაწინაურებული მანამ მიიერთა, სანამ ისინი მურ დე ჰუის აღმართს შეუყვებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17026