ავტოსპორტი

4:24 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერი აიფელის დიდი პრიზის პრაქტიკაზე იასპარეზებს

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი, ფორმულა 1-ის აიფელის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, „ალფა რომეოს“ ავტომობილით გამოვა. რბოლა ნურბურგრინგის ტრეკზე ტარდება. იმავე სესიაზე, „ფერარის“ აკადემიის კიდევ ერთი პილოტი, ბრიტანელი კალუმ ილოტი „ჰაასის“ ავტომობილით მიიღებს მონაწილეობას.

21 წლის მიკ შუმახერი ამჟამად ფორმულა 2-ის კლასიფიკაციას ლიდერობს. ის აიფელის დიდი პრიზის უქმეებზე, ფორმულა 2-ის რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ „ჰაასიც“ და „ალფა რომეოც“ „ფერარის“ ძრავებით ასპარეზობენ და სავარაუდოდ, ორივე გუნდს მომავალი სეზონისთვის ვაკანსია ექნება.

შუმახერი და ილოტი, ასევე „ფერარის“ აკადემიის კიდევ ერთი კურსანტი, რუსი რობერტ შვარცმანი, ოთხშაბათს „ფერარის“ კუთვნილ ფიორანოს ტრეკზე, 2018 წლის „ფერარი SF71H-ით“ ტესტებს ჩაატარებენ, რისი მიზანიც, ოფიციალურ პრაქტიკებში მონაწილეობისთვის მათი მომზადებაა. შვარცმანის პრაქტიკა მოგვიანებით, აბუ დაბის დიდ პრიზზე იგეგმება.

შუმახერს ფორმულა 2-ში ორი რბოლა აქვს მოგებული და სერიის ლიდერია. ის მეორეზე მყოფ ილოტს 22 ქულას უგებს. შვარცმანს სამი რბოლა აქვს მოგებული, თუმცა მეხუთე ადგილზე იმყოფება. შუმახერს და ილოტს ფ1-ის მანქანით ტესტებში ადრეც მიუღიათ მონაწილეობა. გერმანელმა ახლახანს, მუჯელოს ტრეკზე, მამის 2004 წლის საჩემპიონო მანქანა გამოსცადა.

0.119556