ავტოსპორტი

1:56 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასს სტარტზე უზარმაზარმა მწერმა შეუშალა ხელი

სოჭის რბოლის გამარჯვებული ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ რბოლის პირველ მოსახვევში, დამუხრუჭების დაწყების წერტილს გასცდა, რადგან სწორედ იმ მომენტში, მის ვიზორს უზარმაზარი მწერი დაეჯახა, რამაც ხედვის არე შეუზღუდა.

ბოტასმ კარგი სტარტი აიღო და მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვების შემდეგ, თანაგუნდელ ლუის ჰამილტონსაც შეუტია. ფინელმა დაწინაურებაც კი შეძლო, მაგრამ მოსახვევში ჰამილტონმა შეასწრო და იქიდან პირველიც ის გამოვიდა.

„ჩემი ჩაფხუტის ვიზორს უზარმაზარი ფუტკარი თუ რაღაც მსგავსი მწერი დაეჯახა. ამიტომ ვერ დავინახე ადგილი, სადაც დამუხრუჭება უნდა დამეწყო. სწორედ ამიტომ, მოსახვევში მეტისმეტად ღრმად შევედი“, - ყვება ბოტასი, ვინც პირველი მოსახვევის გარე კერბზე გაიარა და ძლივს შეძლო ტრეკზე დარჩენა.

ბოტასი ყვება, რომ განსხვავებული საბურავების გამო, მან იცოდა, რომ რბოლისას შანსები მიეცემოდა. მას შემდეგ, რაც ჰამილტონმა ბოქსებში საჯარიმო 10 წამი მოიხადა, ბოტასი დაწინაურდა. ის ყვება, რომ წინ მიმავალს, ჰაერის სუფთა ნაკადში უწევდა რბოლა, რამაც მაღალი ტემპის აკრეფის საშუალება მისცა.

ბოტასმა ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჩემპიონატში ჰამილტონთან ჩამორჩენა 11 ქულით შეამცირა. „რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა. სეზონის ბოლომდე რამდენიმე რბოლა დარჩა და რა მოხდება, ვერავინ იტყვის. მე ასევე გავაგრძელებ და არ დავნებდები. ვნახოთ, ეს ყველაფერი რით დამთავრდება“, - ამბობს ბოტასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128946