ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ვოლგოგრადის „როტორთან“ (3:1) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რუსი სპეციალისტის განცხადებით, არ აპირებს 19 წლის ფეხბურთელი ჩარჩოებში მოაქციოს, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ პასების მხრივ მას ჯერჯერობით პრობლემები აქვს.
„კვარაცხელიამ „როტორის“ რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მიაღებინა, მაგალითად მანუჩარიანს პირველი გაფრთხილება, რომელიც შემდეგ გააძევეს. მე სრულად ვემხრობი მის დრიბლინგებს, ამით ბევრი სარგებელი გვაქვს და რომ შევზღუდო, ასე ნამდვილად ვერ ითამაშებს. თუმცა გეთანხმებით, რომ პასების გაკეთებაში უნდა დაიხვეწოს. მას თამაშის ბოლოს სივრცეები კიდევ უფრო გაეხსნა და შეეძლო 5 საგოლე პასის გაკეთება, ამასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ არსებობს“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა. „რუბინს“ 14 ქულით მერვე პოზიცია უკავია, მომდევნო ტურში კი 4 ოქტომბერს, „ახმატს“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ "როტორთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა დაასახელეს.