ავტოსპორტი

20:15 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა გაიმარჯვა, შუმახერის რეკორდის გამეორება გადაიდო

ავტორისგან: თქვენი არ ვიცი და ვთვლი, რომ სპორტი პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ, სწორედ ამით დავიწყებ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 100 წლის წინათ, როცა საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქალაქი სოჭი საქართველოს ფარგლებში იყო. დღეს კი ის დღეა, როცა ურთიერთბრძოლაში ჩაძირულმა საქართველომ, აფხაზეთი დაკარგა. იმედია, დროებით...

სწორედ სოჭია ის ქალაქი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ფორმულა 1-ის რუსეთის დიდ პრიზს მასპინძლობს და როცა ტელერეპორტაჟების რეჟისორები ტრასას ფართო ხედით გვიჩვენებენ, კუთხეში საქართველოს ოკუპირებული ნაწილის საზღვარი მოჩანს...

დღეს ყველა ელოდა, რომ ლუის ჰამილტონი 91-ე გამარჯვებას მოიპოვებდა და მიხაელ შუმახერის რეკორდს გაიმეორებდა. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მსაჯებმა ბრიტანელი მრბოლი, ჯერ კიდევ სტარტამდე, წესის ორჯერ დარღვევაში გამოიჭირეს და მოგვიანებით, თითოსთვის 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ჰამილტონმა ტრასაზე გამოსვლისას, სასტარტო პროცედურაში, იმ ადგილზე წაივარჯიშა, სადაც ეს დაუშვებელია. ამით, უსაფრთხოების წესი დაარღვია. 5-5 წამით დაჯარიმების გარდა, თითო დარღვევაზე, მას პირად „ჩათვლაში“ თითო საჯარიმო ქულაც დაუმატეს. ამგვარად, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს 12 შესაძლებლიდან, 10 საჯარიმო ქულა დაუგროვდა და თუ 2-საც დაიმსახურებს, ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს.

არადა, მან რბოლა დამაჯერებლად დაიწყო და ისე ჩანდა, რომ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებდა. მაგრამ შემდეგ დაჯარიმების შესახებ შეატყობინეს. მე-17 წრეზე მან პიტ სტოპზე შეუხვია და სანამ ბორბლებს გამოუცვლიდნენ, 10-წამიანი ჯარიმაც იქვე მოიხადა. ტრასაზე დაბრუნებული კი მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.

ვალტერი ბოტასს გზა გაეხსნა და ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ჰამილტონმა ფინშამდ მესამე პოზიციამდ ასვლა შეძლო, თუმცა მაქს ფერსტაპენს ვეღარ დაეწია, რომელმაც მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ამ გამარჯვებით და უსწრაფესი წრისთვის მიღებული ბონუს ქულით, ფინელმა თანაგუნდელთან ჩამორჩენა 55-დან 44 ქულამდე შეამცირა.

„დღეს კარგი დღეა. გამარჯვება სასიამოვნოა. სეზონის ბოლომდე რამდენიმე რბოლაა დარჩენილი, ამიტომ წინასწარ ვერაფერს იტყვი. მე ბრძოლას გავაგრძელებ. დანებება არ მჩვევია“, - განაცხადა ბოტასმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეორე გამარჯვებაა.

რბოლის დასაწყისში ორი ინციდენტი მოხდა, რომელთა შედეგად, რბოლას ასპარეზბას კარლოს საინსი და ლანს სტროლი გამოეთიშნენ. ნამსხვრევებისგან გასაწმენდად კი, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რბოლა კვლავ უქულოდ დაასრულა სებასტიან ფეტელმა, ვინც მე-13 ადგილს დასჯერდა. ის „ფერარის“ ძრავებით მოასპარეზე ანტონიო ჯოვინაციმ და კევინ მაგნუსენმაც კი ჩამოიტოვეს. მისი თანაგუნდელი შარლ ლეკლერი კი ფინიშთან მეექვსე მივიდა და შემდეგ განაცხადა, ეს ამ მანქანით მაქსიმალური შედეგიაო.

რუსეთის დიდი პრიზი

სოჭი, ოლიმპიური ტრეკი. დისტანცია 309.745 კმ (5.848 კმ, 53 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:34:00.364
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 7.729
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 22.729
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 30.558
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 52.065
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'02.186
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1'08.006
  8. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1'08.740
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'29.766
  10. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1'37.860
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  15. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  19. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 53 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 53 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:37.030 (51-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 205 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 161; 3. მაქს ფერსტაპენი - 128; 4. ლანდო ნორისი - 65; 5. ალექს ალბონი - 64; 6. დანიელ რიკარდო - 63; 7-8. შარლ ლეკლერი და ლანს სტროლი - 57; 9. სერხიო პერესი - 56; 10. პიერ გასლი - 45; 11. კარლოს საინსი - 41; 12. ესტებან ოკონი - 36; 13. სებასტიან ფეტელი - 17; 14. დანიილ კვიატი - 14; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 6; 16. კიმი რაიკონენი - 2; 16. ანტონიო ჯოვინაცი - 2; 18. კევინ მაგნუსენი - 1; 19-21. ნიკოლას ლატიფი, ჯორჯ რასელი და რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 366 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 192; 3. მაკლარენ-რენო - 106; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 104; 5. რენო - 99; 6. ფერარი - 74; 7. ალფატაური-ჰონდა - 59; 8. ალფა რომეო-ფერარი - 4; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117569