სხვა

3:39 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაკიაო და მაკგრეგორი მომავალ წელს იბრძოლებენ

კრივის ფილიპინელი სუპერ ვარსკვლავი მანი (ემანუელ დაპიდრან) პაკიაო და UFC-ს ორი წონის ჩემპიონი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი, ერთმანეთს რინგზე მომავალ წელს დაუპირისპირდებიან. პაკიაოს ოფისის განცხადებით, ბრძოლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, ფილიპინებში კორონავირუსთან ბრძოლას და ინფექციით დაზარალებულებს მოხმარდებათ.

პაკიაოს სპეციალური ასისტენტი და ფილიპინების სენატორი ჯეიკ ჯოსონი ამბობს, რომ ეს პაკიაოსთვისაც და მაკგრეგორისთვისაც ბოლო ბრძოლა იქნება. მაკგრეგორმა უფრო ადრე საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში გაიმართება. თუმცა ქვეყანა არ დაუზუსტებია.

სულ ახლახანს, მაკგრეგორმა ტვიტერზე დაწერა, რომ სპორტულ კარიერას მესამედ ამთავრებს. პირველად ის 2016 წელს წავიდა. 2019 წლის მარტში მან მეორედ ჩამოკიდა საბრძოლო ხელთათმანი ლურსმანზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში, მალევე გადაიფიქრა.

ჯოსონი ამბობს, რომ მეტოქეების ბანაკებს შორის მოლაპარაკება დაიწყო და დაადასტურა, რომ პაკიაოს მოგების დიდი ნაწილი, პანდემიით დაზარალებულებს გადაეცემა. ცნობისათვის, ფილიპინებში კორონვირუსის დაფიქსირებული ინფიცირების რიცხი 300 000-ს ასცდა. ამ ქვეყანს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. სიკვდილიანობის მხრივ კი, ინდონეზიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

პაკიაო 41 წლისაა. კრივის ისტორიაში ის ერთადერთია, ვინც რვა დივიზიონის ტიტულებს ფლობდა. ივლისში მან როჭოს წონაში (67 კგ) WBA-ს სუპერ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ამერიკელი კიტ თურმანი დაამარცხა. მას პროფესიონალურ რინგზე 71 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 62 მოიგო (39 ნოკაუტით), 7-ჯერ რინგი წაგებულმა დატოვა, ორი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

0.117711