ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1 საქმეს დაუბრუნდა. ამჯერად მისი ქარავანი სოჭში დაბანაკდა, სადაც რბოლას ოლიმპიურ ტრეკზე გამართავს. დღეს კვალიფიკაცია იყო და რა თქმა უნდა, პოულ პოზიციას ლუის ჰამილტონი დაეუფლა, ვინც კვირას მიხაელ შუმახერის გამარჯვებების რეკორდის გამეორებას ეცდება.
არადა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც შეიძლებოდა, ბრიტანელი ათეულს მიღმა დაეტოვებინა. და მაშინ, შუმახერის რეკორდის გამეორების შანსიც მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. კვალიფიკაციის მეორე ნაწილის მიწურულს, კერბზე გადავლისას სებასტიან ფეტელმა მართვა დაკარგა და კედლს დაეჯახა. მისი „ფერარის“ ნამსხვრევები ტრასაზე მიმოიფანტა. დამტვრეულ მანქანას გაჭირვებით აუარა გვერდი მაღალი სიჩქარით მოძრავმა შარლ ლეკლერმა. მსაჯებმა უმალ წითელი დროშის რეჟიმი ჩართეს - რბოლა გაჩერდა.
ამ მომენტში, ჰამილტონს და რამდენიმე სხვა პილოტს, დრო დაფიქსირებული არ ჰქონდა. მეორე ნაწილის დასრულებას კი 2 წუთზე ოდნავ მეტი აკლდა. ამ დროში ჩატევა საკმაოდ ძნელია, რადგან ამ დროს ტრასაზე სხვებიც გამოდიან და ყველა გარკვეული დისტანციის დაჭრერას ცდილობს. მოკლედ, მეორე ნაწილის დასრულების მანიშნებელ წითელ შუქს, ჰამილტონმა წამებით მიასწრო და მეოთხე დრო დააფიქსირა, რაც მესამე ნაწილში გასასვლელად საკმარისი იყო. იქ კი პირველივე ცდაზე პოული გაინაღდა, მეორეზე კი უპირატესობა გაზარდა.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ჰამილტონს რბოლაში საქმე გაურთულოს. რთული სიტუაციის გამო, მან კვალიფიკაციის მეორე ნაწილში რბილი საბურავი გამოიყენა და შესაბამისად, რბოლასაც ამ საბურავებით დაიწყებს. შესაბამისად შეიცვალა სარბოლო ტაქტიკა, რომლით ასპარეზობასაც ის აპირებდა. თუმცა ეს მხოლოდ ნიუანსია, რომლის გამოსწორებაც გუნდს შეუძლია.
მეორე დრო ჰქონდა მაქს ფერსტაპენს, რომელმაც მეორე ცდაზე შეძლო ვალტერი ბოტასის ჩამოტოვება და „მერსედესს“ წინა რიგის დაპყრობის საშუალება არ მისცა. ათეულში კვლავ ვერ შევიდნენ „ფერარის“ პილოტები. ფეტელის ამბავი გასაგებია და ლეკლერსაც, ვინც გასულ სეზონში სოჭის პოულზე იდგა, ფაქტობრივად მისმა ინციდენტმა შეუშალა ხელი.
რუსეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'31.304
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.563
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.652
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.013
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.060
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.246
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.320
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.543
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.696
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.704
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.935
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.945
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 2.060
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.279
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.305
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 3.288
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3.290
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3.377
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.762
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.963