ფეხბურთი

23:53 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" კოშმარული წაგება: კატასტროფა ფარერების ჩემპიონთან

„დინამო თბილისმა“ ევროპა ლიგაზე დიდი სირცხვილი ჭამა. ძნელი გასახსენებელეია ასეთი მწარე და კოშმარული წაგება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ოდესმე თუ უგემია.

1:6 ფარერების ჩემპიონთან - ეს სრული კატასტროფაა. თამაშზე რა უნდა ვთქვათ?! „დინამოს“ მეტოქის კარისკენ არ გაუხედავს, ერთხელ დაარტყა შორი მანძილიდან პერნამბუკომ და გოლი გაიტანა, მაგრამ იმ დროისთვის თბილისური გუნდი 0:4 მარცხდებოდა...

ჰეთ-თრიქი შეასრულა კლაკსვიკის ფეხბურთელმა პალ კლეტსკადიმ, თუმცა, მის გარეშეც მასპინძებს მოგება არ გაუჭირდებოდათ. გოლების აღწერას უბრალოდ აზრი არ აქვს, გეტყვით, რომ „დინამოს“ დაცვის ხაზი მოედანზე არ იყო, ფარერების ჩემპიონი რასაც მოისურვებდა, ყველაფერს აკეთებდა და ლოგიკურად მოიგო 6:1!!!

„დინამოსთვის“ ეს დღე ისტორიაში შევიდა, ამ თამაშის მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა და უნდა აუხსნან, ასწავლონ, გაათავისებინონ - ასეთი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება! ეს უმწარესი წაგება კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს, სხვანაირად, უბრალოდ წარმოუდგენელია. ისეთივე წარმოუდგენელი, როგორი თამაშიც ჩისკოს გუნდმა აჩვენა.

„დინამო თბილისისთვის“ ზოგადად, ეს ევროსარბიელი იყო კოშმარული, ჯერ „ტირანასთან“ უშანსო მარცხი, შემდეგ ნახევრად სამოყვარული კონაჰთან უმძიმესი მოგება (თუ მაგას მოგება ჰქვია) და ახლა ყველაფერს წერტილი კლაკსვიკთან დაესვა.

„კლაკსვიკი“ – „დინამო თბილისი“ 6:1 (1:0)

ტორშავნი, „ტორსვალურ სთედიუმი“

კლაკსვიკი (5-4-1): იონსენი - კლეტსკადი (ი. იოჰანსენი 82), ფაერო, ვატნსდალი, ბრინკი, ანდრეასენი - დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეჩი 75), ბიარტალიდი, იოჰანსენი (დოსლიაკი 89) - მიდტსკოგენი

მწვრთნელი: მიქაელ ტომასენი

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე; იაშვილი, ბენიო, კობოური (კუხიანიძე 74), ქიმაძე; პაპავა, ქარდავა; ორშულა (პერნამბუკო 52), ზარია (კუცია 61), ქავთარაძე; გაბედავა

მწვრთნელი: ჩისკო

გოლები: 1:0 პავლოვიჩი (22), 2:0 იოჰანსენი (58), 3:0 კლეტსკარდი (60), 4:0 , კლეტსკარდი (69), 4:1 პერნამბუკო (71), 5:1 კლეტსკარდი (73), 6:1 იოჰანსენი (85)

გაფრთხილება: იოჰანსენი (40), ანდრეასენი (83) - ქავთარაძე (18), ბენიო (28)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 11 (3) კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: თორვალდურ არნასონი (ისლანდია)

0.126661