ფეხბურთი

15:20 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

უკონტრაქტოდ დარჩენილნი

ამ უცნაური (კორონავირუსის პანდემიის გამო) საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას, თავისუფალი აგენტი რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გახდა, რომლებსაც სახელიანი წარსული აქვთ.

ამჯერად ოთხ მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ედინსონ კავანი

33 წლის, უკონტრაქტოდ 2020 წლის 1 ივლისიდან

სავარაუდო სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევრო

ჩვენს ჩამონავალში ყველაზე ძვირადღირებული ურუგვაელი ედინსონ კავანია. „პარი სენ-ჟერმენში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ, ის თავისუფალი აგენტი გახდა. პარიზულ კლუბში კავანიმ 301 მატჩი ჩაატარა, 200 ბურთი გაიტანა და 55 საგოლე პასი მიითვალა.

გასული სეზონის დიდი ნაწილი მან ტრავმის გამო გააცდინა. 33 წლისაა, თუმცა ჯერაც არ განუცდია ჩემპიოთა ლიგის თასის აწევის სიხარული.

შემტევით ლისაბონის „ბენფიკა“ გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ. მისი საკუთარ გუნდში ხილვა კი „ატლეტიკოს,“ „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ სურთ.

თუმცა, ყოფილ კლუბთან, „ნაპოლისთან“ მიჯაჭვულობის გამო, არ ჩქარობს „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გადასვლას.

ნათანიელ კლაინი

29 წლის, უკონტრაქტოდ 2020 წლის 1 ივლისიდან

სავარაუდო სატრანსფერო ფასი 8 მილიონი ევრო

ინგლისელი მცველი მინდორზე ბოლოს 2019 წლის 12 მაისს გავიდა. გასული სეზონი მან ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა. მიმდინარე ზაფხულს კი „ლივერპულთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. იღბლიანი მისთვის არც 2018-19 წლების სეზონი ყოფილა, როცა იჯარის წესით გაანათხოვრეს „ბორნმუთში.“

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი ერთხანს უყურადღებოდ იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინათ როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ნათანიელი „კრისტალ პალასთან“ ერთად ივარჯიშებს და არ გამორიცხა მასთან კონტრაქტის გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ კლაინი „კრისტალ პალასის“ აღზრდილია.

დანიელ სტარიჯი

31 წლის, უკონტრაქტოდ 2020 წლის 2 მარტიდან

სავარაუდო სატრანსფერო ფასი 8 მილიონი ევრო

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, დანიელ სტარიჯმა, თურქული „ტრაბზონსფორი“ წლეულს გაზაფხულზე დატოვა. მისით ამერიკული „დი სი იუნაიტედი“ და „ინტერ მაიამი“ იყვნენ დაინტერესებული, იტალიური „ბენევენტოც“ დაუკავშირდა, თუმცა თავად დანიელს ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნება სურს.

„სხვადასხვა ქვეყნებიდან მაქვს მიწვევები, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელი ვარ. ყოველთვის მხიბლავდა პრემიერლიგაში თამაში. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრის მიცემა შემიძლია ინგლისის ჩემპიონატისთვის.“ - უთხრა მან Sky Sports-ს.

მარიო გიოტცე

28 წლის, უკონტრაქტოდ 2020 წლის 1 ივლისიდან

სავარაუდო სატრანსფერო ფასი 10,5 მილიონი ევრო

დორტმუნდში დაბრუნების შემდეგ, მარიო ვეღარ ავიდა იმ დონეზე როგორზეც „ბაიერნში“ წასვლამდე თამაშობდა. მან „ბორუსიასთან“ ერთად გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. კლუბმა მას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ერთ დროს გერმანელ ვარსკვლავბიჭუნად წოდებულ გიოტცეს შეთავაზებები ჰქონია, ასახელებენ „ატლეტიკოს,“ „მონაკოს,“ „სევილიას,“ „ფიორენტინასა“ და „ვესტ ჰემს,“ მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი ჩანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121091