კრეისერის წონაში, მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი, მძიმე წონაში თავის მეორე ბრძოლას, ზიმბაბველ დერეკ ჩისორასთან, 31 ოქტომბერს გამართავს. ეს ბრძოლა ლონდონის O2 არენაზე, 23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
უსიკმა (17 ბრძოლა, 17 გამარჯვება) მძიმე წონაში თავისი პირველი ბრძოლა შარშან ოქტომბერში გამართა და ამერიკელ ჩეზ უითერსპუნს მოუგო. უკრაინელისთვის ეს ახალ წონში პირველი მოთელვა იყო და შესაბამისად, პრომოუტერებმა შედარებით იოლი მეტოქე შეურჩიეს.
„კრივი, ბრძოლა მომენატრა. სავარჯიშო ბანაკში ბევრს ვმუშაობ, რათა 31 ოქტომბერს კარგი სანხაობა მოვაწყო. დრეკის სახით იოლი მეტოქე არ მეყოლება, ის ძლიერი და გამძლე მოკრივეა. ის ძლიერად ურტყამს. კრეისერის წონაში უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე და აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. და ახლა იმავე გზის გავლას მძიმე წონაშიც ვაპირებ. ბევრი ამბობს, რომ დერეკი მონსტრია. რეალურად ის კარგი ადამიანია, თუმცა რინგზე მისგან კარგს არაფერს ველი. ვიცი, მას ჩემი დამარცხება სურს, მაგრამ მე წყალი, ქარი და ცეცხლი ვარ. დერეკ ჩისორა, მე შენს დასამარცხებლად მოვდივარ“, - განაცხადა უსიკმა (ფოტოზე).
და ჩისორასგან (32 ბრძოლა, 9 წაგება) პასუხმაც არ დააგვიანა: „უსიკ, მე შენ მთელი წელი, გელოდები. ეს ჩემი სახლია და ამ რთული წელიწადის შემდეგ, ბრიტანელ მაყურებელს ჰელოუენზე კარგ სანახაობას გავუმართავ, რომელსაც იმსახურებენ. და ბოლოს და ბოლოს, შურს ვიძიებ ტონი ბელიუსთვის“.
ცნობისათვის, ბელიუ WBC-ს (მსოფლიო კრივის საბჭო) ვერსიით, კრეისერის წონში მსოფლიო ჩემპიონი იყო და უსიკს ტიტულების გასაერთიანებელ ბრძოლაში შეხვდა, რომელიც უკრაინელმა მერვე რაუნდში, ნოკაუტით მოიგო. ამ ბრძოლის შემდეგ, ბელიუმ კარიერა 35 წლისამ დაასრულა.







