კალათბურთი

3:02 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის პირველი MVP-ის ტიტული ახალ სეზონში

ესპანეთის ლიგა ენდესას ახალი სეზონი გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ შესანიშნავად დაიწყო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, ქართველი ცენტრის ლიდერობით სტუმრად „ბილბაოს“ საკმაოდ მარტივად 81:70 აჯობა.

გამარჯვებაში გიორგის ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენებურმა 24:44 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 19 ქულას, 3 მოხსნა და 1 პასი დაამატა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი (50%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

შერმადინი ახლახან დაწყებულ სეზონში პირველად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, გასულ სეზონში კი ეს მისთვის ჩვეული წარმატება იყო.

„იბეროსტარ ტენერიფე“ 2 მოგებით ლიგა ენდესას სათავეშია და მესამე ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე „მურსიას“ დაუპირისპირდება.

0.123689