ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანეთში „გრანადას“ შეხვდება და გიორგი ჭიაბრიშვილმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ლა ლიგის გუნდთან თამაში მისთვის გამოწვევაა.
ჭიაბრიშვილის აზრით, მეტოქე ფურცელზე ცალსახა ფავორიტია, მაგრამ „ლოკომოტივი“ წინა ეტაპებზეც აუტასაიდერად მიიჩნეოდა და დასაკარგი არაფერი აქვთ.
„ზუსტად ვიცი, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს, ისევე როგორც ჰქონდა წარსული და ეს არსად იკარგება. უბრალოდ, ერთადერთი ისაა, რომ როდის დავდგებით განვითარების გზაზე, წამყვან ევროპულ ქვეყნებს თუ არა, საშუალო დონის გუნდებს მაინც გავუთანაბრდეთ. ფეხბურთის თამაში არავიზე ნაკლებად არ შეგვიძლია, მაგრამ ბევრი პრობლემაა, არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ ქვეყანაში.
„გრანადა“ ძალიან ძლიერი გუნდია, თამაშით, ფეხბურთელებით. სენსაციები წინა ეტაპებზეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ფურცელზე მეტოქე ბევრად ძლიერია და უპირატესობა აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, სასიამოვნოც, რადგან გავიგოთ, როგორ ვითამაშებთ ასეთ გუნდთან.
რა თქმა უნდა, ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, ჩვენთვის ჩვეულებრივი მომენტია და მათთვის არა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, წნეხი, დაძაბულობა და შიში გუნდში არაა. ფეხბურთელს და მწვრთნელს შიში თუ აქვს, მოედანზე რა უნდა... „გრანადას“ რომც არ შევხვედროდით, ისედაც ვიცოდით როგორ ფეხბურთს თამაშობს, რადგან ლა ლიგას თვალს მუდმივად ვადევნებთ. ჩვენთვის ძალიან ადვილი იყო მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მათთვის ჩვენს შესახებ - რთული იყო. ძალიან კარგი ტესტია, რომ გავიგოთ რა შეგვიძლია.
მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ და „ჩიხურასთან“ მატჩამდე ორჯერ ვივარჯიშეთ და ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ვქენით „დინამოსთან“, მოვიგეთ თუ წავაგეთ, ვერ დავადგინე რა გვჭირდა, რადგან გუნდი ემოციისგან ბოლომდე დაცლილი იყო. ახლა 6-საათიანი ფრენაც დაემატა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, დაღლილები ვართ თუ არა, უბრალოდ უნდა გავიდეთ და შევძლოთ, რადგან ასეთი დონის გუნდებს პირველად ვხვდებით, ყოველშემთხვევაში „ლოკომოტივისთვის“ ნამდვილად ასეა“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, „გრანადა“ – „ლოკომოტივის“ მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფში შვედური „მალმიოსა“ და ზაგრების „ლოკომოტივის“ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.