ფეხბურთი

20:55 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის დე ბრუინი, ნოიერი და ლევანდოვსკი იბრძოლებენ

უეფას 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი (ორივე - "ბაიერნი") იბრძოლებენ. აღნიშნული სამი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 80 გუნდის მწვრთნელმა და უეფას 55 წევრი ქვეყნის ჟურნალისტებმა გამოარჩიეს.

სამეულში ვერ მოხვდა "ბარსელონას" და "იუვენტუსის" ფეხბურთელები, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებმაც ათეულში მეოთხე და მეათე ადგილები დაიკავეს. არგენტინელს 53 ხმა ჰქონდა, ხოლო პორტუგალიელს - 25. საუკეთესო ფეხბურთელი 1 ოქტომბერს ნიონში გასამართ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს დასახელდება.

კევინ დე ბრუინმა გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ხოლო პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტიმ" მეორე ადგილი დაიკავა. ბელგიელი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელდა. გასულ სეზონში პრემიერლიგაში დე ბრუინმა 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ შეხვედრაში თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "მანჩესტერ სიტი" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "ლიონთან" მოულოდნელად დამარცხდა და გამოვარდა.

გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირი მოიგო. მანუელი ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა. ბუნდესლიგაში ნოიერმა 33 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 31 გოლი და 15 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე გერმანელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 6 მატჩში გოლი არ გაუშვა, ხოლო სულ მისი კარი 8-ჯერ აიღეს.

პოლონელმა თავდამსხმელმა 2019/20 წლების სეზონში ჩემპინთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა. რობერტი ასევე, ბუნდესლიგის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიც გახდა და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩემპიონთა ლიგაზე ლევანდოვსკიმ 10 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და ასისტებშიც ტურნირის ლიდერი გახდა. პოლონელს ორი გოლი დააკლდა, რათა კრიშრიანუ რონალდუს რეკორდი გაემეორებინა - პორტუგალიელმა 2013/14 წლების სეზონში ლიგაზე 17 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში რობერტმა 31 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.

აღნიშნული სამი ფეხბურთელის გარდა, ათეულში მოხვდნენ შემდეგი ფეხბურთელები:

4.ლიონელ მესი ("ბარსელონა) 53 ხმა

=ნეიმარი (პსჟ) 53

6.თომას მიულერი ("ბაიერნი") 41

7.კილიან მბაპე (პსჟ) 39

8.ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი") 27

9.იოზუა კიმიხი ("ბაიერნი") 26

10.კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი") 25

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ჰანსი ფლიკი, იურგენ კლოპი და იულიან ნაგელსმანი იბრძოლებენ. ფლიკის გაწვრთნილმა "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. კლოპის "ლივერპულმა" 30 წლის შემდეგ ნანატრი პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად 18 ქულიანი უპირატესობით მოიპოვა და ასევე უეფას სუპერ თასზე იმარჯვა. ნაგელსმანი კი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა 33 წლის ასაკში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრა მოიგო, ხოლო მისი გაწვრთნილი "ლაიპციგი" ნახევარფინალში გავიდა.

ასევე ცნობილია ნომინანტების ვინაობა სხვადასხვა პოზიციებზე:

სეზონის საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი, მანუელ ნოიერი, იან ობლაკი;

სეზონის საუკეთესო მცველი: დავიდ ალაბა, ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი;

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი, ტიაგო ალკანტარა, თომას მიულერი;

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ნეიმარი;

0.120144