მაიკ ტაისონის მწვრთნელი რაფაელ კორდერო დარწმუნებულია, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ვინც ამჟამად 54 წლისაა, ახლანდელი ჩემპიონების, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას და ტაისონ ფიურის დამარცხება შეუძლია.
კორდერო რკინის მაიკს, როი ჯონს უმცროსთან საჩვენებელი შეხვედრისთვის ამზადებს, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს. ტაისონმა თავისი ბოლო ბრძოლა 2005 წელს გამართა ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან და დამარცხდა.
კორდერო თვლის, რომ ასაკის და ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, ტაისონს ახლანდელი ჩემპიონების დამარცხება შეუძლია. ვარჯიშებზე ის თავს არ ზოგავს და დღეში 6-8 საათს სავარჯიშო დარბაზში ატარებს.
„მე მჯერა, რომ მაიკს ეს შეუძლია. თუ ოდესმე ტიტულისთვის ბრძოლას მოისურვებს, რატომაც არა? ვინ თქვა, რომ ეს შეუძლებელია? ის ყოველდღე სავარჯიშო დარბაზში იბრძვის. რატომაც არა? თუ ოდესმე ჩათვლის, რომ ეს შეუძლია, რატომ არ უნდა იბრძოლოს ქამრისთვის? ის დღითი დღე აუმჯობესებს საკუთარ ფორმას, იბრუნებს უნარებს. მასზე ვერ იტყვით, რომ 54 წლის მებრძოლია“, - ამბობს კორდერო.
როი ჯონს უმცროსი, ვინც რამდენიმე წონაში ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, ტაისონის ძალას უფრთხის: „ის ისევ ის მაიკ ტაისონია, ის კვლავ ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ფეთქებადია მათ შორის, ვისაც ოდესმე რინგზე ფეხი დაუდგამს. შესაძლოა შეცდომა დავუშვი, როცა მასთან შეხვედრას დავთანხმდი. ის ჩემზე დიდია. ის ფეთქებადია. მაგრამ როცა ბრძოლის დრო მოვა, ჩვენ ვიბრძოლებთ. თუ საქმე კბენამდე მივა, ამასაც ვიზამთ. რაც მოსახდენია, მოხდება. ეს ასეა“, - სკაი სპორტსთან საუბრისას ამბობს ჯონსი.







