ჩოგბურთი

23:21 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპმა იტალიის ღია თითქმის უბრძოლველად მოიგო

იტალიის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა სიმონა ჰალეპმა მეტოქის, მეორე ნომრად განთესილი კაროლინა პლიშკოვას ტრავმით ისარგებლა, მას 6-0 2-1 მოუგო და პირველად გახდა რომაული ტურნირის ჩემპიონი.

რუმინელი ჩოგბურთელისთვის, ეს წელს მოგებული ზედიზედ მესამე ტურნირია. დუბაიში ტრიუმფის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორედ მან პრაღაში, აგვისტოში ითამაშა, ის ტურნირიც მოიგო და აშშ-ის ღიას გამოტოვების შემდგ, რომში ითამაშა. ეს ტურნირი ბოლო გამოცდა იყო საფრანგეთის ღიას წინ, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება.

„როგორც იქნა, ორი ფინალის შემდეგ, ამ ტურნირის მოგებაც შევძელი. რომში თამაში ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ეს შესანიშნავი თასი ავწიე. კაროლინას საფრანგეთის ღიაზე იღბალს ვუსურვებ და იმედია, ჩვენ იქაც ფინალში შევხვდებით ერთმანეთს“, - დაჯილდოების შემდეგ განაცხადა ჰალეპმა, ვისაც რომის ტურნირის ფინალში 2017 და 2018 წლებში აქვს ნათამაშები და ორივეჯერ კორტი წაგებულმა დატოვა.

ჰალეპმა პირველი სეტი ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაიწყო. ტურნირის მოქმედ ჩემპიონ პლიშკოვას მეოთხე გეიმში სამი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ რუმინელმა სამივე გადაარჩინა და მომდევნოში მეტოქის მოწოდების მოგებით, ანგარიში 5-0-მდე გაზარდა, თავის მოწოდებაზე კი გეიმი იოლად მოიგო და სეტსაც წერტილი დაუსვა.

მეორე სეტში პლიშკოვა გამოცოცხლდა. მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. მაგრამ პლიშკოვას აშკარად ეტყობოდა, რომ ტრავმის გამო, სრული ძალით თამაშს ვერ ახერხებდა. მესამე გეიმში ჰალეპმა კიდევ ერთი (შეხვედრაში მეხუთე!) ბრეიკი აიღო, რის შემდეგაც ჩეხმა თამაში შეწყვიტა.

0.143479