მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, იტალიის ღია პირველობის ფინალში, არგენტინელ დიეგო შვარცმანს 7-5 6-3 მოუგო და მეხუთედ გახდა ჩემპიონი. სერბი ჩოგბურთელისთვის, ეს კარიერაში ATP-ს მასტერსის სერიის 36-ე ტიტულია.
შვარცმანისთვის ეს მასტერსის პირველი ფინალი იყო და არგენტინელმა ის 3-0 უპირატესობით დაიწყო. მისგან განსხვავებით, ჯოკოვიჩმა რამდენჯერმე ბექჰენდზე შეცდომა დაუშვა. თითქოს, ფორო იტალიკოზე სენსაცია მწიფდებოდა, მაგრამ სერბმა სწრაფად გამოასწორა თამაში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რატომ არის პირველი ჩოგანი. ექვსი გეიმის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა - 3-3.
სეტის ბედი მე-12 გეიმმა გადაწყვიტა, როცა ჯოკოვიჩის მიერ უკანა ხაზიდან შესრულებულმა დაბომბვებმა, მეტოქე ბოლოს და ბოლოს, გატეხა. საინტერესოა, რომ პირველ სეტში სერბმა 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
შვარცმანმა, ვინც ნახევარფინალში ტურნირი რაფაელ ნადალს დაატოვინა, მეორე სეტიც ბტრეიკით დაიწყო. მაგრამ ამჯერად ჯოკოვიჩმა სწრაფად უპასუხა, რასაც მეორე ბრეიკიც მოაყოლა და შეხვედრას საკუთარ მოწოდებაზე მოპოვებული ქულით დაუსვა წერტილი.
საფრანგეთის ღია პირველობის წინ (მომავალ ორშაბათს იწყება), ჯოკოვიჩს ამ სეზონში 32 თამაშიდან 31 მოგება დაუგროვდა. და რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალთან ერთად, ის ტურნირის ფავორიტთა შორის იქნება.