ფამაგუსტას „ანორთოსისი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა მეოთხე ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლით დაწინაურდა, უქულოდ დარჩა.
ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა და თავი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა ახლო მანძილიდან გაიტანა და საგოლე კომბინაციაში გიორგი ქვილითაიამაც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა (ოქრიაშვილისა და ქვილითაიას გარდა, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა). თორნიკესთვის ეს იყო ზედიზედ მესამე მატჩში გატანილი გოლი და 3 გოლით ბომბარდითა დავაში ტომაშ ვაგნერთან ერთად ამ დროისთვის ლიდერია.
„ანორთოსისს“ რაც შეეხება, ოთხი ტურის თავზე 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექსე ადგილზე იმყოფება.