ყაზანის „რუბინმა“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, ხვიჩა კავარაცხელიამ კი წინა ტურში მიღებული დაზიანებების შემდეგ 90 წუთი ითამაშა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა შინ მოსკოვის „სპარტაკთან“ წააგო და დასაწყისშივე გაშვებული ორ გოლს ვეღარაფერი დაუპირისპირა.
ხვიჩას ნამდვილად არ ჰქონია სეზონში საუკეთესო თამაში, რიგ ეპიზოდებში ჩრდილშიც იყო, მაგრამ თამაშის გამწვავებას მაინც ცდილობდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ „სპარტაკმა“ ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლულმა ითამაშა.
30-ე წუთზე პაველ მასლოვმა 19 წლის ქართველს სახეში ხელი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 61-ე წუთზე კვარაცხელია ორ მეტოქეს გასცდა და იმავე მასლოვმა წააქცია, მეორე გაფრთხილება მიიღო და შედეგად გააძევეს. ყვითელი ბარათი 24-ე წუთზე თვითონ ხვიჩამაც მიიღო. მას პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
„რუბინს“ 8 ტურის შემდეგ 11 ქულა დარჩა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.