19 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
სათამაშო დღის პირველ მატჩში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ბათუმელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, გაგრელები კი, სწრაფი და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ მეტოქეს. საბოლოოდ, შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი "გაგრამ" გაიტანა. 39-ე წუთზე გაგა კირკიტაძის გუნდის შეტევა საკუთარ კარში გატანილი გოლი დინამოელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა გოდფრი ობოაბონამ დაასრულა.
მერვედფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა სპაერის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის "სპაერი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა. ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა, "დილას" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ახალწვეულმა ვანდერსონ სილვამ გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, მე-80 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა დააფიქსირა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი 17 სექტემბერს საგარეჯოში გაიმართა. ადგილობრივმა "გარეჯმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. წყალტუბოელთა მხრიდან დუბლი სერგო კუხიანიძემ შეასრულა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები 20 და 21 სექტემბერს გაიმართება.