სხვა

1:50 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლოიდ მეივეზერი იუთუბერ ლოგან პოლთან ბრძოლას აპირებს

ფლოიდ მეივეზერი შესაძლოა რინგს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის მოლაპარაკებას აწარმოებს იუთუბერ ლოგან პოლთან. 43 წლის მეივეზერისთვის, ლოგანთან შეხვედრის ერთადერთი მოტივაცია შესაძლოა დიდი ჰონორარია, რადგან ეს ის მეტოქე არ იქნება, რომელსაც პოპულარობა რინგზე აქვს მოპოვებული.

მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. ბოლო ოფიციალური ბრძოლა 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა, UFC-ს ჩემპიონ კონორ მაკგრეგორთან და მოიგო. ამის შემდეგ, ამერიკელი რინგს ერთხელ დაუბრუნდა - 2018 წლის 31 დეკემბერს, საჩვენებელ ბრძოლაში შეხვდა კიკბოქსინგის იაპონელ ვარსკვლავ ტენშინ ნასუკავას და ისიც დაამარცხა.

25 წლის ლოგან პოლს (ფოტოზე) მხოლოდ ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული. 2018 წლის აგვისტოში, მანჩესტერში შეხვდა ბრიტანელ იუთუბერ KSI-ს. შეხვედრა ფრედ დასრულდა. 2019 წლის ნოემბერში კი მათი რემატჩი ლოს ანჯელესში გაიმართა და მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქულებით გამარჯვება KSI-ს დარჩა.

მეივეზერსა და პოლს შორის მოლაპარაკების შესახებ, ინფორმაცია პირველმა იუთუბერმა კიმსტარმა გაავრცელა, რომელმაც თავის 2.8 მილიონ გამომწერს აუწყა, რომ მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია, ამ საქმეში მონაწილე პირისგან იცის, რომლის ვინაობაც არ გაუმხელია.

ამას მოჰყვა მსუბუქ წონაში აშშ-ის ჩემპიონ რაიან გარსიას მიერ ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლის და მეივეზერის ბრძოლა შედგება. და იქვე დაურთო - ვილოცოთ ლოგანისთვისო.

მოკლედ, თუ ბრძოლა მაინც დაინიშნა და დიდმა მეივეზერმა პოლს ტავი გაუყადრა, დიდი ალბათობით, მათი შეხვედრა საჩვენებელი იქნება. რა თქმა უნდა, პოლის შანსები მინიმალურია, მაგრამ ეს ბრძოლა კრივის სამყაროს მაინც ძლიერ დააინტერესებს და შესაბამისად, მეტოქეები სოლიდურ ჰონორარს მიიღებენ. ამის გარანტიას ის ფაქტი იძლევა, რომ პოლის და KSI-ს ბრძოლას ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მანჩესტერში მათ შეხვედრა იუთუბის არხზე პირდაპირ გადაიცა. რემატჩი კი კომპანია DAZN-ის ფასიან არხზე გადაიცა და მას ამ კომპანიის ისტორიაში, მესამე ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავდა. იმ დღეს, იმავე რინგზე მთავარ ბრძოლაში, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა, პრეტენდენტ ენდი რუის უმცროსს დაუპირისპირდა (და წააგო). საბრძოლო დღე სკაი სპორტსმა გააშუქა და მას 216 ათასი გამომწერი ჰყავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092689