ფეხბურთი

23:54 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა სტუმრების კარნახით და ჰოლანდის დუბლით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი გუშინ „ბაიერნის“ მატჩით აიღო, რომელმაც „შალკე“ 8:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა, პირიქით, სხვა ანგარიში იქნებოდა გასაკვირი ჰანსი ფლიკის გუნდისგან ბოლო პერიოდში მისი დაუნდობლობით თუ ვიმსჯელებთ.

ტური შაბათს გაგრძელდა და შეიძლება ითქვას, სტუმართა დღე იყო, რადგან 6 თამაშიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს. „ჰოფენჰაიმმა“ სეზონი კიოლნში გამარჯვებით გახსნა, რაც მთლიანად ანდრეი კრამარიჩის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, „თხებს“ სამი გოლი გაუტანა და თავის სამი ქულა მოუტანა.

ბუნდესლიგაში დაბრუნებულმა „შტუტგარტმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. „შვაბები“ სამარცხვინოდ 0:3 მარცხდებოდნენ და ბოლოსკენ მოახერხეს სხვაობის შემცირება. შედეგად, 2:3 წააგეს. „ჰერტამ“ ბრემენის „ვერდერი“ 4:1 გაანადგურა, ხოლო ბერლინში „უნიონი“ „აგუსბურგთან“ დამარცხდა. ბუნდესლიგაში დაბრუნებულმა „არმინიამ“ ქულა მოიპოვა, ფრანკფურტში, „აინტრახტთან“ (1:1).

ერთადერთი გუნდი, რომელმაც საკუთარ კედლებში მოიგო, „დორტმუნდია“. ლუსიენ ფავრის გუნდმა „გლადბახს“ ადვილად აჯობა (3:0). ანგარიში ჯოვანი რეინამ გახსნა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი იყო. მეორე ტაიმში უკვე თავისი სიტყვა ერლინგ ჰოლანდმა თქვა, რომელმაც სეზონი დუბლით დაიწყო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შარშანდელი გაბრწყინება შემთხვევითობა არ ყოფილა.

ბუნდესლიგის პირველი ტური კვირას, „ლაიფციგი“ –„მაინცისა“ და „ვოლფსბურგი“ – „ლევერკუზენის“ მატჩებით დასრულდება.

„აინტრახტი“ – „არმინია“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 სეკუ (51), 1:1 ანდრე სილვა (62)

„კიოლნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (4), 1:1 ანდერსონი (22), 1:2 კრამარიჩი (45, პენ), 2:2 დრექსლერი (86), 2:3 კრამარიჩი (90)

„უნიონი“ – „აუგსბურგი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვარგასი (41), 1:1 ბუტლერი (75), 1:2 გრეგორიში (82), 1:3 ჰანი (89)

„შტუტგარტი“ – „ფრაიბურგი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 პეტერსენი (8), 0:2 სალაი (26), 0:3 გრიფო (48), 1:3 კაიჯიჩი (71), 2:3 ფუნდუ (81)

„ვერდერი“ – „ჰერტა“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 პეკარიკი (42), 0:2 ლუკებაკიო (45), 0:3 კუნია (62), 1:3 სელკე (69), 1:4 კორდობა (90)

„დორტმუნდი“ – „გლადბახი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რეინა (35), 2:0 ჰოლანდი (54, პენ), 3:0 ჰოლანდი (77)

თეგებიბუნდესლიგა
0.146535