მოსკოვის ცსკა ალეკსანდრ გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი, რუსულ გრანდში გადასვლის შემდეგ, პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში МБА-ს 106:59 სძლია, ფინალში კი, პერმის პარმასთან მატჩში პრობლემები ასევე არ შექმნია და 91:51 იმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელმა კვლავაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18:39 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მოსკოველთა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ამერიკელი დარუნ ჰილიარდი იყო – 14 ქულა, 7 მოხსნა.
ფინალის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოები ჩამოარიგეს და ერთ-ერთი მათგანი შენგელიას ერგო. თორნიკე ტურნირის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს.
ამგვარად, ცსკა-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და 23 სექტემბრიდან უკვე VTB-ლიგაში ჩაებმება. რუსულ კლუბს ყაზახურ ნურ-სულთანში სტუმრობა ელის, სადაც ასტანას დაუპირისპირდება.
GBF.GE