ჩოგბურთი

3:25 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა საფრანგეთის ღია პირველობას გამოტოვებს

აშშ-ის ღია პირველიბის ჩემპიონი, იაპონელი ნაომი ოსაკა, საფრანგეთის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც ფლეშინგ მედოუსზე ფინალში თამაშის დროსაც აწუხებდა. ტრავმის მიუხედავად, 22 წლის იაპონელმა ბელარუსი ვიკტორია აზარენკას დამარცხება შეძლო და დიდი სლემის მესამე ტიტულს დაეუფლა.

„სამწუხაროდ, საფრანგეთის ღიაზე წელს ვერ ვითამაშებ. ბარყი ისევ მტკივა, რის გამოც, თიხის კორტზე თამაშისთვის მოსამზადებლად დრო არ დამრჩება. ამჯერად, ეს ორი ტურნირი ძალიან მოკლე შუალედში ტარდება. ორგანზატორებს და ყველა მოტამაშეს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, - სოციალურ მედიაში დაწერა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა.

საფრანგეთის ღია პირველობა 27 სექტემბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება. როგორც წესი, ის მაისში ტარდება ხოლმე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ის შემოდგომაზე გადაიტანეს. იმავე მიზეზით, უიმბლდონი ამ სეზონში საერთოდ არ ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ოსაკამ ამავე ტრავმის გამო, ცინცინატის (ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენ) ტურნირის ფინალში თამაშისგან თავი შეიკავა. თუმცა რამდენიმე დღეში, აშშ-ის ღიას გათამაშებაში ჩაერთო და ის ტრიუმფით დაასრულა. ცნობისათვის, ოსაკას როლან გაროსის მესამე წრის იქით არასდროს უთამაშია. მის გარდა, პარიზში ვერც მსოფლიოს პირველი ჩოგანი და საფრანგეთის ღიას მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი ითამაშებს.

0.135985