ინგლისურმა „ლივერპულმა“ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ესპანელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და „წითლებში“ 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.
„საოცარი გრძნობაა, ამ მომენტს დიდხანს ველოდი და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. როდესაც წლები გადის, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი მოიგო, როდესაც იმარჯვებ, გინდა კიდევ უფრო მეტი მოიგო. ვფიქრობ, რომ ეს კლუბი აღწერს იმას, რაც მე ვარ - მინდა მივაღწიო ყველა მიზანს და რაც შეიძლება მეტი თასი მოვიგო“, - თქვა ტიაგომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა 2013 წლიდან „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა და მიუნხენური გიგანტის ღირსება 235 მატჩში დაიცვა (31 გოლი). მანამდე კი ალკანატარამ კატალონიის „ბარსელონაში“ ითამაშა.