ბრილიანტის ლიგის რომის შეხვედრაზე, ამერიკაში დაბადებულმა შვედმა ჭოკით მხტომელმა, არმანდ დუპლანტისმა, ღია არენებისთვის, ყველა დროის საუკეთესო ნახტომი შეასრულა - 6.15 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო. და მიუხედავად იმისა, რომ ცდები კიდევ ჰქონდა დარჩენილი, ისინი აღარ გამოუყენებია.
20 წლის დუპლანტისს სულ სამი სანტიმეტრი დააკლდა და მის მიერვე, გლაზგოს ტურნირზე (თებერვალში) დამყარებულ მსოფლიო რეკორდს 6.18 მეტრი გაიმეორებდა. სტადიო ოლიმპიკოზე გამოსვლისას, მეორე ცდაზე 6.15-ს ისე გადაევლო, რომ საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდა. რაც მთავარია, ღია არენებისთვის აქამდე შემორჩენილ რეკორდს (6.14 მეტრი), რომელიც ლეგენდარულ უკრაინელ სერგეი ბუბკას, 1994 წელს აქვს დაფიქსირებული, ერთი სანტიმეტრი დაუმატა.
ცნობისათვის, ვორლდ ატლეტიქსი 2000 წლიდან მოყოლებული, ორივე ტიპის არენებისთვის მსოფლიოს საერთო რეკორდს აფიქსირებს. და ეს რეკორდი სწორედ დუპლანტისს ეკუთვნის, რომელიც თებერვალში ჯერ პოლონეთში გამართულ ტურნირზე 6.17 მეტრზე გადახტა, ერთ კვირაში კი გლაზგოში ახალი რეკორდი დაამყარა. ორივე ტურნირი დახურულ არენაზე ჩატარდა.
„გასაკვირია, მაგრამ ჭოკით ხტომაში, ღია და დახურულ არენებზე, მსოფლიო რეკორდი საერთოა. რომის ტურნირზე, ღია არენების საუკეთესო ნახტომის, 6.15-ის შესრულება მინდოდა და ეს შევძელი. ჰოდა ახლა საუკეთესო ნახტომები მაქვს როგორც ღია, ასევე დახურული არენბისთვის“, - განაცხადა დუპლანტისმა, ვინც შარშან, დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.







