სხვა

1:25 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის მე-18 ეტაპი კვიატკოვსკიმ მოიგო

მიხალ კვიატკოვსკიმ, ვინც „სკაი/ინეოსის“ დიდების პერიოდში, გუნდის „შეუმჩნეველ გმირად“ ითვლებოდა, ტურ დე ფრანსის მე-18 ეტაპი მოიგო. გამოცდლი პოლონელისთვის, ეს ფრანგულ ველომარათონზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. მასთან ერთად, ფინიშის ხაზი მისივე ეკვადორელმა თანაგუნდელმა (ინეოს გრენადერსი), რიჩარდ კარაპასმა გადაკვეთა.

სანამ ფინიშს გადალახავდნენ, კარაპასმა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ კვიატკოვსკის ზურგზე ხელი მსუბუქად დაჰკრა, რითაც ანიშნა, პირველმა შენ გაიარეო. თავად მეორე ადგილს კი დასჯერდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საუკეთესო სამთო მრბოლის კოპლებიანი მაისური, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარისთვის (UAE ტიმ ემირატსი) ჩამოერთვა.

სწორედ კვიატკოვსკის დაუღალავი გარჯის შედეგია ის, რომ ტურ დე ფრანსს 2016 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ „ინეოსის“ მრბოლები - კრის ფრუმი, გერეინ თომასი და ეგან ბერნალი იგებდნენ. რბოლის შემდეგ პოლონელმა განაცხადა, რომ კარაპასმა გამარჯვება დაუთმო და თავად კოპლებიან მაისურს დასჯერდა.

საინტერესოა, რომ „ინეოს გრენადერსის“ მრბოლებმა ორმაგი გამარჯვება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც გუნდის ლიდერმა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა, ზურგის ტრავმის გამო, რბოლა მიატოვა. ცნობისათვის, 30 წლის კვიატკოვსკის მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი 2014 წელს აქვს მოპოვებული, 2017 წელს კი მილანი-სან რემოს კლასიკური რბოლა მოიგო.

სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა იოლად შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისური. 18 ეტაპის შემდეგ, ის უახლოეს მდევარს, თანამემამულე პოგაჩარს 57 წამს უგებს.

ეს იყო ბოლო სამთო ეტაპი, რომელზეც კიდევ შეიძლებოდა ლიდერებში რამე შეცვლილიყო. მაგრამ როგლიჩი და მისი „ჯუმბო-ვისმა“ სიტუაციას კარგად აკონტროლებდნენ. კვიატკოვსკიმ და კარაპასმა კი აღმართებში პრაქტიკულად მთელი პელოტონი უკან მოიტოვეს. მთა პლატო დე გლიერი კი, რომლის გზის ნაწილიც გრუნტიანია, „ინეოს გრენადერსის“ მრბოლებმა ერთად გაიარეს და დაღმართში ფინიშსაც ერთად მიაღწიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161925