ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ გიორგი ქვილითაია დაიმატა. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციაკურად დაადასტურა. ქვილითაია ფამაგუსტელთა ღირსებას იჯარის წესით დაიცავს.
გიორგი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან კომენტარიც გააკეთა:
„ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ბევრი ქართველი ფეხბურთელია, მწვრთნელიც ქართველია და ადაპტაცია გამიადვილდება. ვიმედოვნებ, რომ სეზონი „ანორთოსისთვის“ და ჩემთვის კარგი იქნება. „ანორთოსისი“ კვიპროსში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის და ვფიქრობ, რომ გვაქვს პოტენციალი ჩემპიონები გავხდეთ“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი 2018 წლიდან „გენტის“ ღირსებას იცავდა და 46 მატჩში 7 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. მანამდე, 26 წლის თავდამსხმელი ვენის „რაპიდში“ თამაშობდა.