ფეხბურთი

20:17 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "რუსეთის საკითხი ყოველთვის გვახსოვს, მაგრამ ეს იქნება საფეხბურთო თამაში"

ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინაოს“ შეხვდება. მატჩამდე ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვეულებრივად მოვემზადეთ, როგორც ნებისმიერი მატჩისთვის. მაქსიმალურად ვიყავით კონცენტრირებულები და ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს დავით კირტიკაძის გარდა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა და 100%-ით მზად არაა. დანარჩენი ფეხბურთელები, ვინც განაცხადში არიან, მზად არიან 90 წუთის სათამაშოდ. მატჩს ბოლო პერიოდში დადებითი შედეგების გამო კარგ განწყობაზე ვხვდებით.

რა თქმა უნდა, „დინამო“ შევისწავლეთ. მინდა ვთქვა, რომ „კრაიოვაც“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, უბრალოდ მისი შესწავლა ჩემთვის უფრო მარტივი იყო იმ კუთხით, რომ მუდმივად ერთი სქემით თამაშობდა, მოსკოველები კი ტაქტიკას ხშირად ცვლიან. ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრი ნაკრების წევრია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ „კრაიოვა“ უფრო ძლიერია თუ მოსკოვის „დინამო“, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არაა.

„ზენიტთან“ თამაშს ვუყურებ, დაცვაში იდგა, რადგან ძალიან მაღალი დონის მეტოქე ჰყავდა, თავის შანსს მთელი თამაში ელოდება, მიიღო და გამოიყენა კიდეც. არ ვიცი, რატომ წერს რუსული მედია, რომ „დინამო“ დაცვითი გუნდია, უბრალოდ მაშინ ასეთი სტრატეგიით ითამაშეს.

ქართულ კლუბებს ასეთი მატჩების წინ წნეხი ყოველთვის აქვთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ დაირღვეს ეს ჯაჭვი და რომელიმე ქართული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი, ჩვენ, „დინამო თბილისი“, „საბურთალო“ თუ სხვა... მთავარია ჯგუფში მოხვდეს ქართული გუნდი და მერე ყველაფერი უფრო ადვილი იქნება. ამიტომ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იქამდე გასავლელ გზად და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ყოველთვის ვცდილობ, ფეხბურთელებს წნეხი მოვუხსნა, ეს ფეხბურთია, სპორტია და მოედანზე უნდა ვითამაშოთ.

ძალიან მახარებს, რომ მსაჯი საფრანგეთიდაან, გამოცდილია და უმაღლესი დივიზიონის მატჩებს მსაჯოსბ. თუმცა, ჩემმა გუნდმა იცის, რომ მსაჯს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, არც მეტოქეს და მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე კონცენტრირდეს, რადგან ეს ერთადერთი, მაგრამ ძალიან რთული ამოცანა გვაქვს და სხვა რაღაცებზე ყურადღების იქცევა არ დაგვეხმარება. მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებული.

„რუბინთან“ თამაშში იყო უხეში მომენტები, თუნდაც კვარაცხელიას მომენტი. ვერ გეტყვით ეს შეგნებულად გააკეთეს თუ არა, მაგრამ ფაქტია ტვინის შერყევა მიიღო. ამ თამაშმა ისიც დაგვანახა, როგო თამაშობს ქართველი ფეხბურთს და სწორედ ამის ხარჯზე შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი მეტოქე, ფეხბურთის თამაშში უნდა ვაჯობოთ, ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი.

ეს არ იქნება საქართველო-რუსეთის დაპირისპირება და არ ვეთანხმები მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადებას, ეს არასერიოზული იყო. მას რუსეთის საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცა და გააკრიტიკეს. ეს არის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ დაპირისპირება, არ მაინტერესებს, ვინ შეგვხვდა, მოსკოვის თუ კიევის „დინამო“, ან „მანჩესტერი“. ხალხს მხოლოდ გამარჯვება გაახარებს და ვეცდებით ამის გაკეთება მოვახერხოთ.

საქართველოს ბევრი გმირი ჰყოლია და ჰყავს, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ამ შემთხვევაში ომი, წარსული და დაკარგული ტერიტორიები არაფერ შუაშია. ეს ყოველთვის ჩვენთან ერთადაა და გვახსოვს. თუ საჭირო იქნება, ეს ბიჭები ხელში ავტომატსაც აიღებენ, მაგრამ იმედია ეს არასდროს იქნება საჭირო. ეს ფეხბურთია და ეს საკითხი უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე, ადამიანურად რა რესურსიც გაგვაჩნია, ბოლომდე დავიხარჯებით“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103296